მთავრობის საინვესტიციო გეგმის შესრულება უკვე საფრთხის ქვეშაა
აღმოსავლეთის ქვეყნებში განვითარებულმა მოვლენებმა, შესაძლოა, საქართველოში ინვესტიციების შემოსვლა შეაფერხოს. ექსპერტების განცხადებით, საინვესტიციო საფრთხეს უმეტესწილად ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და საინვესტიციო გარემო ქმნის. მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ მთავრობამ 2011 წლის საინვესტიციო ფსონი არაბულ ქვეყნებზე დადო, გარკვეული პრობლემები შეიძლება შეიქმნას. ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენების გამო, ევროპის უმსხვილესმა ბანკებმა შეშფოთება გამოთქვეს. გარდა ამისა, აზიის საფონდო ბირჟებზე ინდექსებმა დაცემა დაიწყო.
“არა მგონია, ეს არეულობები მალე დასრულდეს. უფრო მეტიც, იქაური ექსპერტები და ინვესტორები ამ ტალღის სხვა ქვეყნებზე გავრცელებასაც ვარაუდობენ. შესაბამისად, როდესაც საქართველოს საინვესტიციო გეგმები ამ ქვეყნებზეა მიბმული, ბუნებრივია, ეს გარკვეულ საფრთხეებს ქმნის,”– განუცხადა საქინფორმს ეკონომიკურ საკითხთა ანალიტიკოსმა ვახტანგ გზირიშვილმა.
შეგახსენებთ, 2010 წლის საინვესტიციო კრახის შემდეგ, მთავრობა წელს 1 მილიარდი დოლარის ინვესტიციას აზიიდან და, უმეტესად, არაბული ქვეყნებიდან ელოდება.