აქტუალური
ნოემბერში რუსეთმა საქართველოს 30 ათასზე მეტი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები მოაწოდა

      საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოში 2017 ნოემბერში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტიორ ქვეყნებს შორის რუსეთი ლიდერობს — ამ ქვეყანაზე მოდის მთელი იმპორტის 31,9%, განაცხადეს საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში. ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოში შემცირდა — 2017 წლის ნოემბერში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, იმპორტი შემცირდა 5,3%-ით და 95,4 ათასი ტონა შეადგინა. მათ შორის, 2017 წლის ნოემბერში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 47,5 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა — 47,9 ათასი ტონა", — ნათქვამია იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.
ამა წლის ნოემბერში ბენზინის იმპორტის 69,9% მოდის რეგულარის მარკის (А-91) საწვავზე; 27,2% — პრემიუმის (А-95), ხოლო 2,9% — სუპერის (А-98) მარკის საწვავზე. ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის დიდი მოცულობა მოდის რუსეთზე — 2017 წლის ნოემბერში შემოვიდა 30,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31,9%-ია.
საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ქვეყანაში ნავთობპროდუქტების იმპორტი 2017 წლის დასაწყისიდან, გასული წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით, მთლიანობაში 7,4%-ით შემცირდა და 979,1 ათასი ტონა შეადგინა.
ბოლო თვეებში ნავთობპროდუქტების იმპორტის შემცირება, პირველ რიგში, უკავშირდება ზაფხულის სეზონის გასვლას, რომელზეც მოდის საწვავის მოხმარების პიკი, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა. „შეიძლება დავასახელოთ კიდევ ერთი ფაქტორისაქართველოში ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა ჰიბრიდული ტიპის ტრანსპორტისა და ელექტრომობილების იმპორტი. ვერ გეტყვით, რომ ამის გამო მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, მოქმედებს", — განაცხადა მთვრალაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ ჰიბრიდული ავტომობილები და ელექტრომობილები საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება და უახლოეს პერიოდში ეს აისახება როგორც იმპორტზე, ისე საწვავის მოხმარებაზე, რომელიც, ბუნებრივია, შემცირდება.
საქართველოში ბოლო თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასი საშუალოდ 8-10 თეთრით გაიზარდა — ეს ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასების ზრდამ და აშშ დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის — ლარის კურსის ვარდნამ გამოიწვია. მთვრალაშვილი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში საწვავზე ფასები კიდევ გაიზრდება.
მისი განცხადებით, სიტუაციის დაბალანსებას ხელს შეუწყობს ლარის დოლარის მიმართ გამყარება, წინააღმდეგ შემთხვევაში რიგი ოპერატორი კომპანიები საწვავზე ფასებს კვლავ გაზრდიან. ეს ამ დღეებში არ მოხდება, მაგრამ თუ სიტუაცია სავალუტო ბაზარზე სტაბილური არ გახდა, ფასები მოიმატებს", — განაცხადა მთვრალაშვილმა.
ამჟამად ბენზინგასამართ ბრენდულ სადგურებში 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასია: ბენზინი სუპერი — 2,39-2,56 ლარი, პრემიუმი — 2,29-2,46 ლარი, რეგულარი — 2,19-2,34 ლარი, ევრო დიზელი — 2,31-2,42, დიზელი — 2,27-2,31. მიმდინარე კურსი: 1 აშშ დოლარი — 2,7 ლარი.