რელიგია
საქართველოს ეკლესია მზად არის, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სხვა რელიგიების წარმომადგენლებთან ერთად, წვლილი შეიტანოს მოზარდთა აღზრდის საკითხებთან დაკავშირებული ვითარების გაუმჯობესებაში

      საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი.
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება
„ქ. თბილისში და წყალტუბოს რაიონში რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდებს შორის მომხდარმა დაპირისპირებებმა, რომლებმაც სამი სიცოცხლე შეიწირა, მთელი ქვეყანა შეძრა და ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ უბიძგა.
როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია სკოლებში მოზარდთა აღზრდის და, საერთოდ, მათი ცხოვრების უკეთ წარმართვის მიზნით.
ფაქტია, რომ არსებული სიტუაცია რთულია, რადგანაც ამის გამომწვევი არაერთი მიზეზი არსებობს; ეს კი პრობლემებისადმი კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.
ვფიქრობთ, აუცილებელია სკოლაში შემეცნებითი საუბრების რეგულარულად ჩატარება, სხვადასხვა წრეებში მოზარდების გაერთიანება, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის უფრო მეტად ხელშეწყობისთვის სპორტული აღზრდის გაკვეთილების საათების გაზრდა.
აუცილებელია შეურაცხმყოფელი და უხამსი გამოთქმების, ძალადობის შემცველი გადაცემებისა და ფილმების საერთაშორისოდ მიღებულ სტანდარტებში მოქცევა და დღეს არსებული განუკითხავი მდგომარეობის შეცვლა.
აუცილებელია ქუჩაში უკონტროლოდ მყოფი მოზარდების პრობლემის მოგვარება და სხვა.
საქართველოს ხელისუფლებასა და, პირველ რიგში, განათლების სამინისტროს გვინდა განვუცხადოთ, რომ საქართველოს ეკლესია მზად არის, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სხვა რელიგიების წარმომადგენლებთან ერთად თავისი წვლილი შეიტანოს მოზარდთა აღზრდის საკითხებთან დაკავშირებული ვითარების გაუმჯობესებაში.
გვჯერა, საერთო ძალისხმევით მიღწეული იქნება დადებითი შედეგი და შევძლებთ ჩვენი შვილებისათვის მშვიდობიანი გარემოს შექმნას ურთიერთპატივისცემისა და სიყვარულის საფუძველზე“.