პოლიტიკა
გიგი წერეთელი ვენაში სერგეი ლავროვს შეხვდა

      საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. „ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი გიგი წერეთელი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში, ეუთოს მინისტერიალს ესწრება, სადაც მან პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ეუთოს მინისტერიალს სიტყვით პირველად მიმართა. ინფორმაციას 1 tv ავრცელებს.
გიგი წერეთელი ეუთოს გენერალური მდივნის, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გარდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვსაც შეხვდა.
წერეთლის განცხადებით, შეხვედრაზე მან რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე ილაპარაკა.
„სხვა შეხვედრებთან ერთად, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მქონდა შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ეს ეხებოდა კონკრეტულ თემას. რუსეთთან ეუთო ანტიტერორისტული მიმართულებით თანამშრომლობს. რუსეთი ეუთოს წევრია, თუმცა, მინდა ასევე გითხრათ, რომ ეუთოს საერთო საკითხების გარდა, ჩვენ გვქონდა საუბარი საქართველოზე, რუსეთის მიერ იმ პრინციპების დარღვევაზე და იმ სირთულეებზე, რომლებიც არის ჩვენს ურთიერთობებში. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას და ადამიანის უფლებებს. შეხვედრა ეხებოდა სხვა საკითხებს, მაგრამ მე საქართველოზეც ვისაუბრე. არ შემიძლია, დეტალებზე ვისაუბრო. ერთი რამ შემიძლია გითხრათ - მას არ უთქვამს, რომ პრობლემები არ არის და ჩვენ არ გვიდავია ამ საკითხებზე. პრობლემები არსებობს, მაგრამ ეუთოს ფილოსოფიაა, რომ გვჭირდება დიალოგი ამ პრობლემების მოსაგვარებლად. მე სწორედ ასე დავასრულე შეხვედრა, რომ მთავარია ჰელსინკის პრინციპები და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი“, - განმარტა წერეთელმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 8 ნოემბერს გახდა.

   


საქინფორმი