პოლიტიკა
ეუთოს მეგობართა ჯგუფი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გაგრძელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

      საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. ეუთოს საქართველოს მეგობართა ჯგუფი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გაგრძელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, რუმინეთის, პოლონეთის, ლიტვის, შვედეთის, ჩეხეთის, ლატვიისა და ესტონეთის მიერ, ეუთო-ს 24-ე მინისტერიალის ფარგლებში, ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის სახელით საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაკეთდა.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, განცხადებაში მეგობარი ქვეყნები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან, გამოთქმულია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ სწრაფვისადმი მხარდაჭერა და დადებითად არის შეფასებული საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა ამ მიმართულებით.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მეგობარი ქვეყნები მიესალმებიან საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს დემოკრატიის კონსოლიდაციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით. განცხადებაში მეგობარი ქვეყნები ულოცავენ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით ჩატარებას.
„ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გამოვხატავთ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიზანმიმართული სწრაფვის ძლიერ მხარდაჭერას და ვაფასებთ ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას. მივესალმებით საქართველოს წინსვლას დემოკრატიის კონსოლიდაციაში, ინსტიტუტების გამჭვირვალობის დონის ამაღლებაში, ადამიანის უფლებათა დაცვასა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში, რითაც იგი ქმნის ძალიან პოზიტიურ მაგალითს.
ვულოცავთ საქართველოს მთავრობასა და ხალხს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და საერთაშორისო ვალდებულებების დაცვით ჩატარებას. ჩვენ აღვნიშნავთ OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის წინასწარ შეფასებასა და დასკვნებს და ველით საქართველოს მთავრობისგან მათი რეკომენდაციების გათვალისწინებას, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ქვეყნის საარჩევნო გარემო.“- აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში გამოთქმულია მხარდაჭერა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი. ხაზგასმულია აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ჰუმანიტარული ვითარება და გამოთქმულია შეშფოთება ცხინვალის რეგიონის სოფელ ერედვში ქართველ იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების მასობრივი განადგურების ბოლოდროინდელ ფაქტებთან დაკავშირებით.
„კვლავაც შეშფოთებული ვართ, რომ გრძელდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ხაზს ვუსვამთ საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საჭიროებას გაეროს წესდების, ჰელსინკის დასკვნითი ოქმისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ფუნდამენტური ნორმების შესაბამისად.
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, მათ შორის, გაიყვანოს სამხედრო შენაერთები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო წვრთნების გახშირებასა და საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში რუსეთის მხრიდან სამხედრო ძალების მეტად გაძლიერებასთან დაკავშირებით. ვგმობთ გადაადგილების თავისუფლების, ცხოვრების, საკუთრებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების უხეშ დარღვევებს და ხაზს ვუსვამთ, რომ ე.წ. „ბორდერიზაცია“, რაც გამოიხატება ხელოვნური დაბრკოლებების აღმართვასა და საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებით გამაგრებაში, უფრო მეტად ამძიმებს ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია გაძლიერებული ეთნიკური დისკრიმინაცია საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. გამოვხატავთ შეშფოთებას საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის სოფელ ერედვში, ქართველ იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების მასობრივი განადგურების ბოლოდროინდელ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც განხორციელდა რუსული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში. ეს გახლავთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური ქართული მოსახლეობის კვალის სრული გაქრობისკენ მიმართული პოლიტიკის გამოხატულება.
მხარს ვუჭერთ იძულებით გადაადგილებულ პირთა ფუნდამენტურ უფლებას, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაუბრუნდნენ თავიანთი წარმოშობის ადგილებს.
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმების შეღწევა.
მივესალმებით საქართველოს კონსტრუქციულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ, მათ შორის ისეთ ცალმხრივ ნაბიჯებს, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობა. ასევე, მივესალმებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ჩართულობის მცდელობებს და მხარს ვუჭერთ ამ მიზნით ჯანდაცვის, განათლებისა და გარემოს დაცვის სფეროებში კონკრეტულ პროექტებს“- ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მეგობართა ჯგუფის განცხადებაში აღნიშნულია პროგრესის საჭიროება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მთავარ თემებზე, კერძოდ, ძალის არგამოყენების ვალდებულების, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების საკითხებზე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მეგობარი ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთს, უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი განცხადება ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში უკვე მეორედ კეთდება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ.
უწყების ცნობით, მიმდინარე წელს ეუთოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების რიცხვს სამი ახალი ქვეყანა – ჩეხეთი, ლატვია და ესტონეთი დაემატა.