ამბავი პირველი
ქ.თბილისის N180 საჯარო IVკლასის მოსწავლეებს დამრიგებელმა ღია გაკვეთილი ჩაუტარა, რომლის მთავარი თემაც პრეზიდენტი სააკაშვილი იყო: ბავშვებს უნდა მოეძიებინათ მიხეილ სააკაშვილის შესახებ პოზიტიური მასალები და დაეწერათ, თუ რატომ მოსწონთ საქართველოს პრეზიდენტი (?!).
ლადო ბულბულაშვილი, ეროვნული საბჭოს წევრი: „შემთხვევით წავაწყდი ამ ფაქტს. IV კლასის დამრიგებელის – ვერიკო პავლიაშვილის გაკვეთილის თემა იყო ,,მიშა მაგარია!’’. მან ბავშვებს დაავალა მოეძებნათ მხოლოდ და მხოლოდ კარგი ინფორმაცია სააკაშვილის შესახებ, დაეწერათ – რატომ მოსწონთ მიხეილ სააკაშვილი და თავადაც დაჰპირდა მათ შესაბამის მასალებს პრეზიდენტის გმირობებზე. დამრიგებელმა კატეგორიულად მოთხოვა მოსწავლეებს, მშობლების აზრის დაფიქსირებაც (?!). როცა გაკვეთილზე ერთ-ერთმა ბავშვმა მასწავლებელს უთხრა, რომ ძალიან ბევრს არ მოსწონს მიხეილ სააკაშვილიო, მასწავლებელი გაბრაზდა, როგორ შეიძლება არ მოგწონდეს ჩვენი ბელადიო?!“ქ.თბილისის N180 სკოლის დირექტორის მოადგილე: „ როგორ ჩაატარებდა გაკვეთილს მაგ თემაზე ვერიკო, როცა მაგ დროს ბაზარში იყო? (თუკი სადამრიგებლო კლასი ჰყავს, სასწავლო პროცესის დროს ბაზარში რატომ იყო? - საქინფორმი) იცით, ასეთ თემას არ მისცემდა ბავშვებს. ეს, ალბათ, საუბარმა მოიტანა და მოსწავლეებს ესაუბრა პრეზიდენტზე, ჩვენ ამას დანაშაულად არ აღვიქვამთ, თუმცა პრეზიდენტის ლანძღვას ჩვენს სკოლაში ნამდვილად ვკრძალავთ!“
ამბავი მეორე
ახალი წლის ღამეს, როდესაც ქართველი ხალხი საკუთარ ოჯახებში მოკრძალებულად აღნიშნავდა ახალი, 2011 წლის დადგომას, ხოლო ბათუმში წვიმასა და ჭყაპში აცეკვებდნენ ქართველ გაყინულ მოცეკვავეებს და ნახევრადდამშეულ ხალხს კონცერტი თითქმის ძალით აყურებინეს, ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრები, გურამ დონაძესთან ერთად, მახინჯაურში, ერთ–ერთ ცნობილ რესტორანში აღნიშნავდნენ ახალ წელს.
იმავე რესტორანში სხვა ადამიანებიც იყვნენ და ერთ–ერთი უნივერსიტეტის სტუდენტებიც, რომლებიც ძალაუნებურად მთელი საღამო „მიშა მაგარიასა!“ და პატრულის სადიდებლად შექმნილ სიმღერებზე ცეკვავდნენ.
„ნაცსუფრაზე“ ცოტა რომ შეზარხოშდნენ, თამადა, თურმე, სკამზე დადგა და რესტორნის ყველა სტუმარს მიშას სადღეგრძელოს დალევა მოსთხოვა. შემდეგ ისევ იგივე გაგრძელდა, ერთი და იგივე სიმღერები და ქება–დიდება.
როდესაც იქ შეკრებილ საზოგადოებას „მიშა მაგარია!“ კიდევ ერთხელ ჩაურთეს, ახალგაზრდებმა უკმაყოფილება გამოთქვეს. ამის შემდეგ უნივერსიტეტის ერთ–ერთი სტუდენტი, რომელმაც ეს აზრი ხმამაღლა გამოხატა, დარბაზიდან გაქრა... იგი მეგობრებმა გამთენიისას რესტორნის შორიახლოს გონდაკარგული და სასტიკად ნაცემი იპოვეს!
სახეზე მას 10 ნაკერის დადება დაჭირდა, ხოლო სხეული მთლიანად დაბეჟილი ჰქონდა. მას მხოლოდ ის ახსოვს, რომ შავ „ჯიპში“ ჩასვეს, რომელშიც ორი ადამიანი იჯდა, ორიცც სხვა მანქანიდან გადმოუჯდათ და ამის შემდეგ მისი მეხსიერება გაითიშა...