საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. ეს სულაც არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რლდპ-ს ლიდერი საქართველოს ექსპრეზიდენტის მოქმედებას იწონებს. ჟირინოვსკის ხშირად მოჰყავდა სააკაშვილი მაგალითად რფ-ის სახელმწიფო დუმის დეპუტატებისათვის, როგორც კორუფციასთან მებრძოლის ნიმუში, რომელმაც საქართველოში ბრწყინვალე შედეგებს მიაღწია და უკრაინაშიც იმავეს აკეთებს. თავად სააკაშვილმაც ერთ-ერთ ტელეინტერვიუში ჟირინოვსკის მიმართ სიმპათია გამოხატა - აქაოდა, მის რიტორიკას ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ვლადიმერ ვოლფოვიჩი უსაყვარლესი ადამიანიაო!
აი, ახლაც, სააკაშვილის ჩაშლილი დაპატიმრების შემდეგ, ჟირინოვსკიმ მის მხარდასაჭერად განცხადება გააკეთა:
„უკრაინის ტოტალიტარულ-პოლიციური რეჟიმი უნდა მიხვდეს, რომ თუ ევროპისკენ სვლა აქვთ გადაწყვეტილი, მაშინ დაუშვებელია ასეთი ძალადობა. სააკაშვილს უნდა მიეცეს საშუალება, რომ მშვიდად იცხოვროს უკრაინაში და მონაწილეობა მიიღოს ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
როგორი არამზადაც არ უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან მიმართებაში, რთულია იმის უარყოფა რომ მას შეუძლია მუშაობა. ამას ვერ წაართმევ… სააკაშვილმა ნებისყოფა გამოაჩინა, იბრძოლა, უკრაინაში დაბრუნდა, მხარდამჭერები მოიზიდა და ახალი მოთხოვნა წამოაყენა – პოროშენკოს მშვიდობიანი გადაყენება. როგორ უპასუხა მას „დემოკრატიულმა ხელისუფლებამ“?! მის დაპატიმრებას ცდილობენ. მაგრამ ესეც კი არ გამოსდით... ხელები შორს მიშიკოსგან!“, – განაცხადა ჟირინოვსკიმ.