კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის პრეზიდენტი უმარ იდიგოვი: ჩატაევი ოპერაციის ხელმძღვანელებთან მოსალაპარაკებლად მზად იყო, თუმცა, მისი თხოვნა სამართალდამცველებმა არ გაიზიარეს...
სამართალი
კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის პრეზიდენტი უმარ იდიგოვი: ჩატაევი ოპერაციის ხელმძღვანელებთან მოსალაპარაკებლად მზად იყო, თუმცა, მისი თხოვნა სამართალდამცველებმა არ გაიზიარეს...

      საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ბერი გაბრიელის ქუჩაზე - "კურიერის" ინფორმაციით ბინა, სადაც 21 ნოემბერს ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა, ბოლოს მერაბ ცათიაშვილს ჰქონდა ნაქირავები. ცათიაშვილი ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი მეთაურის თარხან ბათირაშვილის, იგივე აბუ ომარ ალ შიშანის ბიძაშვილია.
ცათიაშვილი "კურიერთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ორი ბინა აქვს, მათი საცხოვრებლად უვარგისობის გამო ბინის ქირაობა უწევდა.
ცათიაშვილი და ტერორიზმის მუხლით მსჯავრდებული აიუფ ბორჩაშვილი ახლო მეგობრები არიან. "კურიერის" ინფორმაციით, ბორჩაშვილთან ერთად მაშინ ისიც დააკავეს, თუმცა, მერაბ ცათიაშვილი ამ ფაქტს არ ადასტურებს.
კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის პრეზიდენტი უმარ იდიგოვი ამტკიცებს, რომ ჩატაევი ოპერაციის ხელმძღვანელებთან მოსალაპარაკებლად მზად იყო, თუმცა, სამართალდამცველებმა მისი თხოვნა არ გაიზიარეს.
იდიგოვი ფიქრობს, რომ ცოცხლად დაჭერის შემთხვევაში ჩატაევი მოყვებოდა, როდის და ვისი დახმარებით აღმოჩნდა საქართველოში, რაც ქართული სპეცსამსახურების ინტერესში არ შედიოდა.
უმარ იდიგოვის თქმით, დანაშაულებრივი ჯგუფის დანარჩენი ორი წევრის ვინაობა ჯერ ისევ უცნობია, ამ დროისთვის მან მხოლოდ ის იცის, რომ ისინიც ჩეჩნები არიან.