საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. განცხადება იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, საქართველო ნატოს ღირებული პარტნიორი და ალიანსის ასპირანტი ქვეყანაა. ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ სხდომაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე იმსჯელებენ.
“ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. შევაფასებთ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას. ნატოს მხარდაჭერით ძლიერდება საქართველოს თავდაცვის ინტიტუტები და ის ეხმარება ქვეყანას ალიანსის წევრობის გზაზე. ვულოცავ საქართველოს იმ უწყვეტ პროგრესს, რომელსაც რეფორმების გატარებით აღწევს”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას საქართველოს ვიცე- პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესწრება.