სამართალი
პირებმა, რომელთა წინააღმდეგ თბილისში ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, იარაღი ტყეში არსებული სამალავიდან აიღეს - ვახტანგ გომელაური

      საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. დავადგინეთ, იარაღი საიდან აქვთ მოძიებული, საიდან მიიტანეს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე სახლში. ეს იარაღი ტყეში ნაპოვნი ერთ-ერთი სამალავიდან იყო ამოღებული. ახლა ველოდებით ექსპერტიზას, რათა ზუსტად დადგინდესმიწა, რაც სამალავის ადგილზე აღმოვაჩინეთ, თუ დაემთხვევა იარაღებზე არსებულს", - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა. მან აღნიშნა, რომ ინფორმაცია სამალავის შესახებ საქართველოს სუს-მა აშშ-ის FBI-სგან მიიღო, რომელიც გამოძიებაში პირველივე დღეებში ჩაერთო.
აშშ ამჟამად საქართველოს სპეცოპერაციისას ორი მოკლულის ვინაობის დადგენაში ეხმარება. ლიკვიდირებულებიდან ვიცით ერთ-ერთის ვინაობა, დანარჩენზე ვმუშაობთ. ამერიკელი კოლეგები გვეხმარებიან დანარჩენი პირების ვინაობის დადგენაში", - განაცხადა გომელაურმა.
სუს-ის უფროსმა სპეცოპერაციის საქმის მასალები უკვე გააცნო საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, რომლებიც ნდობის ჯგუფში შედიან და საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა აქვთ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქმეზე გრძელდება გამოძიება სსკ-ის 328- („უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებულ ასეთ ორგანიზაციაში გაერთიანება ანდა მისი დახმარება ტერორისტულ საქმიანობაში"), 323- („ტერორისტული აქტი, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი") და 323- პრიმა („ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან გამოყენება ტერორისტული მიზნით") მუხლებით.