აქტუალური
რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკმა (IBRD), რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფში შედის, საქართველოს „აღმოსავლეთი-დასავლეთის“ მაგისტრალის 11-კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქციისთვის დამატებით 16,9 მილიონი ევრო გამოუყო

      საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. დამატებითი სახსრების გამოყოფის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა.
პროექტის ფარგლებში ჩუმათელეთი-ხევის ტრასის 11-კილომეტრიანი მონაკვეთის არსებული ორზოლიანი გზა ოთხზოლიან მაგისტრალად გადაკეთდება. მონაკვეთზე იგეგმება 21 ხიდის, ორი გვირაბისა და რიკოთის გვირაბის კიდევ ერთი ზოლის აგება.
აღმოსავლეთი-დასავლეთის ტრასა, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 აზერბაიჯანთან საზღვარზე იწყება და ფოთთან ახლოს მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
 ავტობანი აღმოსავლეთი-დასავლეთისპროექტი ხორციელდება ევროპის საინვესტიციო ბანკის, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, საერთაშორისო თანამშრომლობის იაპონიის სააგენტოსა (JICA) და ჩინეთის განვითარების ბანკის (CDB) მხარდაჭერით. პროექტის ღირებულება 1 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.
აღმოსავლეთი-დასავლეთისჩქაროსნული მაგისტრალით საგარეო ტვირთების 60%-ზე მეტი გადაიზიდება. აღნიშნული მაგისტრალის გაუმჯობესებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად გარდაქმნისთვის, რაც ხელს შეუწყობს სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, ერთი მხრივ, ცენტრალურ აზიასთან და შორეულ აღმოსავლეთთან, მეორე მხრივთურქეთთან და ევროპასთან.