საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. 2017 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს 6 954 932 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 18,4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკური მონაცემები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ შეაჯამა, იუწყება 1tv.ge.
ჩოგოვაძის ინფორმაციით, 11 თვეში იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 3 243 963 შეადგინა, რაც 701 371-ით მეტია 2016 წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +27.6%). პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლის რაოდენობის ზრდის კუთხით იანვარ-ნოემბერში გამოირჩეოდნენ გაერთიანებული სამეფო (+39.7%), ავსტრია (+35.6%), ნიდერლანდები (+32.7%), ესპანეთი (+30.5%), საფრანგეთი (+29.7%) და გერმანია (+27.4%). განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: იორდანია (+327.2%), საუდის არაბეთი (+165.7%), ქუვეითი (+152.4%), ირანი (+121.1%), ინდოეთი (+66.6%), უზბეკეთი (+57.9%), ჩინეთი (+53.2%), აშშ (+24.2%) და სხვა.
2017 წლის იანვარ-ნოემბრის თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.9%), სომხეთიდან (+14.9%), რუსეთიდან (+33.4%), თურქეთიდან (-3.2%) და ირანიდან (+121.1%) განხორციელდა.