სამართალი
საწყის ეტაპზე სკოლებში უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება

      საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დღეს ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მინისტრებმა 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე და სამომავლოდ, დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების ზომებისა და მანდატურის სამსახურის როლის გაძლიერებაზე, ასევე მანდატურის სამსახურისა და სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
მინისტრები შეთანმხმდნენ, რომ შედგება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს დანაშაულის პრევენციის კონკრეტულ გეგმას და პროცესს სრულ კოორდინაციას გაუწევს.
ჯგუფის ძირითადი ამოცანა იქნება სკოლებში პრევენციული, საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობების, საზოგადოებრივი წესრიგის და სასკოლო დისციპლინის დაცვის, ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიების გააქტიურება. სამუშაო ჯგუფი ასევე იმუშავებს არასრულწლოვნებისთვის ფსიქოლოგიური და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის, ეფექტიანობის და კონფლიქტების პრევენციის მექანიზმების შემუშავებაზე.
სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში აქტიურად იქნებიან ჩართული იმ სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მუშაობენ. შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ საწყის ეტაპზე სკოლებში უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება.