პოლიტიკა
პრემიერმა კვირიკაშვილმა უსაფრთხოების კუთხით რუსეთის მხრიდან „არსებულ გამოწვევებზე - ჰიბრიდულ საფრთხეებზე და პროპაგანდაზე“ გაამახვილა ყურადღება და მათ წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო საზოგადოებას კონსოლიდაციისკენ მოუწოდა

      საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. „საქართველოსაც აქტიურად უწევს თანამედროვე მსოფლიოს ისეთ გამოწვევებთან ბრძოლა, როგორიც არის ჰიბრიდული საფრთხეები და პროპაგანდა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისში საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაზე "ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის" გამოსვლისას. გიორგი კვირიკაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს მიმართა და მათი ყურადღება უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა.
პრემიერმა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მასობრივად ირღვევა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების უფლებები.
"
აღსანიშნავია უსაფრთხოების საერთო გამოწვევები ევროკავშირის სამეზობლოში, რომლებთან გამკლავებაც მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი. მოგეხსენებათ, კვლავ მძიმეა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და, ამავდროულად, მასობრივად ირღვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების უფლებები. ამასთან ერთად, საქართველოსაც აქტიურად უწევს თანამედროვე მსოფლიოს ისეთ გამოწვევებთან ბრძოლა, როგორიც არის ჰიბრიდული საფრთხეები და პროპაგანდა. ამ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაცია და მეტი ჩართულობა შეიძლება დაუპირისპიროთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა