საკვებ პროდუქტებზე ფასები ისევ იზრდება
რძის პროდუქტების უმსხვილესი კომპანიების ნაწილმა პროდუქცია გააძვირა. „სანტემ“ ფასები 15%–ით გაზარდა, რასაც მენეჯმენტში ნედლეულზე ფასების ზრდით ხსნიან. ფასებს აძვირებს კომპანია „ეკოფუდიც“, თუმცა კომპანიაში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. „სანტესა“ და „ეკოფუდისგან“ განსხვავებით, ფასებს ჯერ არ ზრდის „ნიკორა“. „ფასების ზრდა მომწოდებელზეა დამოკიდებული, ჩვენ ფასს თვითნებურად არ გავზრდით,“- აცხადებენ კომპანიაში.
20 თეთრით გაძვირდა „ვიმ–ბილ–დანის“ პროდუქციის ნაწილი. კერძოდ, კომპანიის მაწონი, 1,40 ლარის ნაცვლად, 1,60 ლარი ღირს. პროდუქცია გააძვირა კიდევ ერთმა კომპანიამ – შაქარზე ფასების მატების გამო, დღეიდან საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლაღიძის ლიმონათი 15 თეთრით ძვირი იქნება. როგორც კომპანიის მენეჯმენტმა რადიო „კომერსანტთან“ განაცხადა, ლიმონათის შემცველობაში შაქარს 60%–მდე უჭირავს, ამიტომ ფასის ზრდა გარდაუვალი იყო. მათივე თქმით, თუ პროცესი გაგრძელდა, ფასი კიდევ მოიმატებს. ლიმონათის ღირებულება ჯერ არ გაუზრდია კომპანია „ზანდუკელს“, თუმცა, გაძვირების ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, ფასის მატებას არც იქ გამორიცხავენ.