უცხოეთი
კიევის ცენტრში, უკრაინული მარშის სათავეში მდგომი სააკაშვილი პრეზიდენტ პოროშენკოს იმპიჩმენტს მოითხოვს

      საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინის დედაქალაქში, ევროპის მოედანზე  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, ოპოზიციური უკრაინული „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილი ორგანიზებით მიტინგი იმართება, სადაც სააკაშვილი და მისი მომხრეები პრეზიდენტ პოროშენკოს გადადგომას მოითხოვენ.
მანამდე კი კიევში, პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით მარში გაიმართა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ედგა სათავეში.
მარშის მონაწილეები კიევში, ტარას შევჩენკოს სახელობის პარკში შეიკრიბნენ, საიდანაც მათ გეზი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ აიღეს.
როგორც სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება, კოლონას ავტომანქანა, ხმის გამაძლიერებელი აპარატურით მიუძღვებოდა და მის სათავეში მდგომი სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად მიემართებოდა პოროშენკოს რეზიდენციისკენ. მათ უკრაინის და საქართველოს ეროვნული დროშები, ასევე უკრაინული ნაციონალისტური ორგანიზაციის - უკრაინის მეამბოხეთა არმიის დროშები უკავიათ.
გარდა ამისა, დემონსტრანტებს მრავალი პლაკატი უკავიათ, რომელზეც პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნაა დაფიქსირებული. ისინი სკანდირებენ: „იმპიჩმენტი, იმპიჩმენტი“.
მარშის ორგანზატორები ხაზს უსვამენ, რომ აქცია მშვიდობიანია და მოუწოდებენ მის მონაწილეებს არ წამოეგონ რაიმე სახის პროვოკაციებს.
კიევის ცენტრის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. მარშს დიდი რაოდენობით პოლიცია და უკრაინის ეროვნული გვარდიის მებრძოლები მიაცილებდნენ. სამართალდამცველების ინფორმაციით, აქციაში დაახლოებით 1 500 ადამიანი მონაწილეობს.

guardian.ge