საქინფორმი გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, იტალიასა და ამერიკაში მცხოვრებ რამდენიმე ქართველ ემიგრანტს ესაუბრა, რომელთაც განუმარტეს, რომ, წელიწადზე მეტია, რაც აღნიშნულ ქვეყნებში საკვებ პროდუქტებზე ფასები არ გაზრდილა, თუმცა არც შემცირებულა, ანუ გარკვეულ სტაბილურობას ინარჩუნებს.
„მე ნიუ იორკში ვცხოვრობ და ოჯახისთვის ერთი კვირის სამყოფ საკვებ პროდუქტს 50 დოლარად ვყიდულობ. საქართველოში კი, როგორც ჩემი ნათესავებისგან ვიცი, კვირაში 50 დოლარად ოჯახს ნორმალურად ვერ გამოკვებავ“, – განუცხადა საქინფორმს ერთ–ერთმა ქართველმა ემიგრანტმა, რომელმაც, გასაგები მიზეზების გამო, ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.
ფასების სტაბილურობაზე საუბრობენ ევროპაში მცხოვრები ქართველებიც, რომელთაგან რამდენიმეს საქართველოში ჩამოსვლა არაერთხელ მოუწია. მათი განმარტებით, ევროპაში საკვებ პროდუქტებზე ფასები ისევ ისეთია, როგორის ერთი წლის წინათ იყო, საქართველოში კი ყველა ჩამოსვლის დროს ფასების აშკარა მატება შენიშნეს.
მართალია, მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისთან ერთად კრიზისი საქართველოშიც უნდა დასრულებულიყო და ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად მიუთითებენ იმაზე, რომ კრიზისი აღარ არის, თუმცა, თუ პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლას და ჯერ კიდევ მის გამოსვლამდე რძის პროდუქტებზე, შაქარსა და პურზე ფასების 15–20%–ით ზრდას გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი დასრულების ფაზაშია, საქართველოში კი ის ახლა იწყება.