საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივას - საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესზე პლებისციტის ჩატარების შესახებ - ოპოზიცია მხარს უჭერს, მმართველ გუნდში კი უარყოფითი შეფასებები კეთდება. უმრავლესობამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივას უკვე უწოდა „საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი“.
როგორც საქინფორმი იუწყებოდა, 28 ნოემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „იურიდიულად უფრო სწორია, თუ პრეზიდენტს არა საარჩევნო კოლეგია, არამედ პარლამენტი აირჩევს“.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული კონსტიტუციის გათვალისწინებით, 2024 წელს საქართველოს პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევს, რომელიც 300 წევრისგან შედგება. მათ შორის 150 პარლამენტის წევრია, ხოლო დანარჩენი 150 თვითმმართველ ერთეულს წარმოადგენს. საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების განხილვის ფარგლებში ა.წ. 29 ნოემბერს ბოლო შეხვედრა გამართა.