პუბლიკაციები
მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს კომპრომისები მშენებლობის დაგეგმარების, პროექტის დამტკიცების და ექსპლუატაციაში მიღების პროცესში! - პრემიერი კვირიკაშვილი

      საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. გუშინდელ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, კერძოთ, აღნიშნა:
"არ შემიძლია, კიდევ ერთხელ არ გამოვეხმაურო ბათუმის ტრაგედიას, რომელმაც 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჩვენ 27 ნოემბერს გლოვის დღე გვქონდა გამოცხადებული და დამეთანხმებით, რომ უმძიმესი დღეები იყო ყველა ჩვენგანისთვის. ბათუმში ჩასვლისას განვაცხადე, რომ ამ შემთხვევას უნდა მოჰყვეს უმკაცრესი რეაგირება და რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, გამოძიება მიმდინარეობს.
რა თქმა უნდა, უნდა გატარდეს პრევენციული ზომები იმისათვის, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ ასეთი ტრაგედიები. ხანძრები ყველგან ხდება და არავინ არის დაზღვეული იმისგან, რომ აქ არ მოხდება, თუმცა ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ ასეთი მსხვერპლი თავიდან იყოს აცილებული. მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს კომპრომისები მშენებლობის დაგეგმარების, პროექტის დამტკიცების და ექსპლუატაციაში მიღების პროცესში. ნებისმიერი ინვესტიცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე არის უფრო მნიშვნელოვანი და მოვუწოდებ ყველა შესაბამის ორგანოს, მაქსიმალურად გაამკაცრონ კონტროლი ამ მიმართულებით. მივესალმები, რომ თბილისის მერი უკვე გამოეხმაურა ამ საკითხს და მისი დამოკიდებულებაც აბსოლუტურად ანალოგიურია.
ასევე, მინდა, ზურაბ ალავიძეს ვთხოვო, რეგიონებში კიდევ ერთხელ ჩავატაროთ სამუშაო კამპანია, რათა მშენებლობისა და ექსპლუატაციის მიღების პროცესში არანაირი კომპრომისი ამ მიმართულებით არ იყოს დაშვებული. ეს, რა თქმა უნდა, რაც ეხება მომავალში პრევენციას, მაგრამ, აუცილებლად უნდა დავიწყოთ არსებული შენობა-ნაგებობების მონიტორინგი, ან თუ გნებავთ აღრიცხვა ამ მიმართულებით. განსაკუთრებით ეს ეხება საბავშვო ბაღებს, სკოლებს და, რა თქმა უნდა, სასტუმროებს და ისეთ შენობებს, სადაც ერთდროულად ბევრი ადამიანი იყრის თავს. ასევე უნდა შემოწმდეს, რამდენად უზრუნველყოფილია ადამიანების თავისუფალი მოძრაობა ასეთი ტიპის საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში. მოგიწოდებთ, მაქსიმალურად მოკლე ვადაში ჩავატაროთ სამუშაო, რათა დავადგინოთ, რა არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით. იცით, რომ მომავალი წლისთვის საგანგებო სიტუაციებისა და შესაბამისი სამსახურებისთვის 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული და მათი აღჭურვაც ძალიან მნიშნელოვანი იქნება, რომ ჩვენ მაქსიმალურად ეფექტური ვიყოთ ასეთ სიტუაციებში.
მოგეხსენებათ, ჩვენ პირველად 2015 წელს გავამკაცრეთ რეგულაციები სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით და 2016 წელს ასევე მივიღეთ დადგენილება. ამ მიმართულებით გამკაცრების ორი ეტაპი განვახორციელეთ და მოგიწოდებთ, მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ზედმიწევნით შევასრულოთ შესაბამის ნორმატიულ აქტებში გაწერილი მოთხოვნები."