სამართალი
იარაღის სამალავი კასრებში: ქობულეთში 25 ნოემბერს სპეცოპერაციისას დაკავებული თურქეთის მოქალაქე ქალი, შესაძლოა, ტერორიზმთან კავშირში მყოფი პირი აღმოჩნდეს

      საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. აღნიშნული ვარაუდი მას შემდეგ გაჩნდა, რაც გუშინ ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის მოსამართლემ სხდომაზე, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ, რამდენჯერმე ახსენა სიტყვა ტერორიზმი.
მოსამართლის მიერ ბრალის დადგენილების წაკითხვისას გაირკვა, რომ დაკავებული ქალბატონის პირადი ჩხრეკისას ნაპოვნი იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა და ასევე აღმოჩენილია სამალავი და კასრი, სადაც ის ხელყუმბარებს ინახავდა. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა სხდომის დახურვა მოითხოვა და მან მიანიშნა სწორედ ამ ქალბატონის შესაძლო კავშირზე ტერორიზმთან.
დაკავებულს, შესაძლოა, ბრალი გადაუკვალიფიცირდეს და ბრალად ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირი დაედოს.