წიწკანაანთსერში მცხოვრები ეთნიკური ოსები ხელისუფლებას შევიწროებაში ადანაშაულებენ
ყვარლის რაიონის სოფელ წიწკანაანთსერში მცხოვრები ეთნიკური ოსები სოფლის საძოვრების და სახნავ-სათესი მიწების გაყიდვას აპროტესტებენ. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მიწების გასხვისება სოფლიდან ეთნიკური ოსების მიგრაციის გაზრდას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ რაიონში ყველაზე მცირე ოდენობის ნაკვეთები მხოლოდ ოსებს აქვთ.
თუმცა ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან გამსახურდია სოფელ წიწკანაანთსერის მცხოვრებლების ეთნიკური ნიშნით დაჩაგვრას გამორიცხავს. მისი თქმით, გამგეობამ უკვე გააგზავნა მოთხოვნა ეკონომიკის სამინისტროში, რომ წიწკანაანთსერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთები აუქციონის წესით გაიყიდოს, რათა ადგილობრივებს მიწის შესყიდვის საშუალება მიეცეთ.