რელიგია
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებმა აშშ-ს საქართველოში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ „უფრო მეტი აქტიურობისკენ“ მოუწოდეს

      საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. ამ თემაზე საპატრიარქოს დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს ვაშინგტონში, „დემოკრატიის ეროვნულ ფონდში დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე.
როგორც საქინფორმი იუწყებოდა, მას შემდეგ, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსაყდრედ დანიშნა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი, რომელმაც სასულიერო განათლება რუსეთში, მოსკოვში მიიღო და სამეცნიერო ხარისხიც იქ დაიცვა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები და საქართველოში არსებული სხვა რელიგიების სასულიერო ლიდერები აშშ-ში გამოიძახეს.
შეხვედრების შემდეგ საპატრიარქოს დელეგაციამ დაადასტურა, რომ „ქართული ეკლესია მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და რუსული პროპაგანდა საქართველოში არ უნდა მძლავრობდეს.
ალბათ, მიზეზი უნდა ეძებონ თავის თავში, რომ რაღაც გამორჩათ, რაღაცას ვერ ითვალისწინებენ. იმიტომ, რომ წარმოუდგენელია, ასეთ ტექნოლოგიური, განვითარებული და წინ წასული ამერიკა და ევროპა როგორ შეიძლება აგებდეს რუსეთთან, რომელიც ახლა იწყებს გამოსვლას. იმიტომ, რომ 90-იან წლებში, ცხადია, მას ამის თავი არ ჰქონდა, არც შესაძლებლობა არ გააჩნდა და ბოლო 10-15 წელია, რაც რუსეთი გამოვიდა მსოფლიო არენაზე. მიზეზი უნდა იპოვონ თავის თავში. უკეთესი პიარი, უკეთესი ინფორმირება, ინტერპრეტირება მოვლენების და ფართო გაშუქება, - განაცხადა რუსთავის მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ.
ნამდვილად სთხოვეს, რომ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს აშშ და არა მხოლოდ ამერიკა, არამედ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. როდესაც საუბარია პროპაგანდაზე, რომელიც, როგორც აღნიშნეს, კვლავაც არ აღიქმება სათანადო პრობლემად და მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივი ძალებით მოხდეს გამკლავება, რადგან ასევე აღინიშნა, რომ ეკლესიის გამოყენებაც ხდება რუსული პროპაგანდის მიერ“, - განაცხადა ვიზიტის დე-იურე ინიციატორმა, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ.
დემოკრატიის ეროვნულ ფონდში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს კათოლიკური ეკლესიის და სომეხთა ეპარქიის ეპისკოპოსები - ჯუზეპე პაზოტო და ვაზგენ ამირხანიანი, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე და შეიხი რამინ იგიდოვი.

 


საქინფორმი