საზოგადოება
სუსის თანამშრომელი სხვადასხვა ორგანიზაციაში საიდუმლოდ მუშაობას შეძლებს

      საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც სუს-ის თანამშრომელი, სამსახურის კუთვნილების გაუმჟღავნებლად, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში თანამდებობის დაკავებას შეძლებს.
თავის მხრივ, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელებს სუს-ის თანამშრომლის სამსახურისადმი კუთვნილების გამჟღავნებისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
ეს ცვლილება ერთ-ერთია 111 საკანონმდებლო პროექტს შორის, რომლებიც სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა. მთავრობაში დაგეგმილ სტუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდა. სწორედ ამ დოკუმენტის განხილვას იწყებს პარლამენტი.
პრემიერმინისტრმა მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ 13 ნოემბერს გამოაცხადა.