რელიგია
2017 წლის 20 ნოემბერს XXVIII ყოველწლიური საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა მე-12 სექცია „ქართველოლოგია: პრობლემები და პერსპექტივები“

      საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი.  სექციის მუშაობაში მონაწილეობდნენ რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები, მათ შორის იერარქები, რომლებიც მოსკოვში უწმინდესი კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორის კურთხევით ჩავიდნენ - ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) და გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).
საქართველოდან სტუმრები მოსკოვში, აგრეთვე, წმიდა ტიხონის სახელობის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის დაარსებიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისთვისაც ჩავიდნენ.
19 ნოემბერს საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებმა ვლადიმერის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულეს. იმავე საღამოს მეუფეებმა მონაწილეობა მიიღეს წმიდა ტიხონის სახელობის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის დაარსებიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო აქტში, რომელზეც მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) საქართველოს ეკლესიის წინამძღვარის მილოცვა წაიკითხა.
სექცია „ქართველოლოგია: პრობლემები და პერსპექტივები“ მუშაობდა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს თავმჯდომარეობით. სექციის მუშაობაში მონაწილეობდნენ აგრეთვე ღვთისმეტყველებისა და ეკლესიის ისტორიის სფეროს ცნობილი სპეციალისტები, ორივე ქვეყნის სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები. საქართველოდან - კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მ. რაფავა, საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების საზოგადოების ხელმძღვანელი ლ. ვასაძე, მსუ-ს აზია-აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტის წარმომადგენლები ი. ბაგრატიონ-მუხრანელი, დ. თავართქილაძე.