საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. ნინო ლომჯარია რამდენიმე თვის წინ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ლაშა თორდიას მოადგილე იყო. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის წევრები სამი საათის განმავლობაში სულ 7 კანდიდატურაზე მსჯელობდნენ.
„საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან იქნება დასახელებული ქალბატონი ნინო ლომჯარიას კანდიდატურა. გავითვალისწინეთ სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის, ჩვენი კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან, ესეც იყო მნიშვნელოვანი ასპექტი ამ კონსულტაციების. ასევე, გავითვალისწინეთ გამოცდილება, კვალიფიკაცია, მიუკერძოებლობის კრიტერიუმი და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საბოლოო ჯამში, უმრავლესობამ არჩევანი შეაჩერა ქალბატონ ნინო ლომჯარიაზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ნინო ლომჯარიას კანდიდატურა თავდაპირველად ბიუროზე შევა, შემდეგ მას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს, ბოლოს კი ლომჯარიას კანდიდატურას კენჭს უყრიან პლენარულ სხდომაზე.
უმრავლესობამ სახალხო დამცველი 7 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს.