რელიგია
2015 წლის 28 ნოემბერს წმინდა ტიხონის მართლმადიდებლურ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში შედგა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიოს (მუჯირი) საკანდიდატო დისერტაციის დაცვა

      საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. 2015 წლის 28 ნოემბერს მოსკოვში, წმინდა ტიხონის მართლმადიდებლურ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში შედგა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიოს (მუჯირი) დისერტაციის დაცვა ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე „ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია), მისი ცხოვრების ისტორიული კონტექსტი  და სულიერ–სამოძღვრო მემკვიდრეობა (ქრონოლოგიური ჩარჩოები: XIX საუკუნის 70-იანი წლები - XX საუკუნის დასაწყისი)“. ნაშრომის მიზანი იყო ღირსი ალექსის (შუშანია) მსახურების თავისებურებებისა და პირადი სულიერი გმირობის აღწერა, მისი დარიგებების გადმოცემა და ანალიზი, აგრეთვე თეკლათისა და მთავარანგელოზთა კუნძულის წმინდა სავანეების ისტორიის კვლევა (დაწვრილებით იხილეთ წმინდა ტიხონის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საიტზე).
დაცვაზე ოფიციალურ ოპონენტებად გამოვიდნენ პროფესორი სერგეი ფირსოვი და პროფესორი ზაალ აბაშიძე, რომლებმაც მაღალი შეფასება მისცეს ნაშრომის ხარისხს, ღირსი ალექსი სენაკელის (შუშანია) ცხოვრებასთან დაკავშირებული საარქივო წყაროების კვლევის სისრულეს.
დისკუსიის დროს განიხილეს ღირსი ალექსი სენაკელის ცხოვრებასთან დაკავშირებული რიგი საკითხები - მისი დამოკიდებულება რუსეთის იმპერიის პოლიტიკასთან ღვთისმსახურებაში ქართული ენის სლავურით შეცვლასთან დაკავშირებით, ქართულ ღვთისმსახურებაში ქართულის გარდა სვანური და მეგრული ენების გამოყენების საკითხი და სხვა.
სადისერტაციო საბჭოს 19-ვე წევრმა ერთხმად მისცა ხმა მიტროპოლიტი შიოსთვის (მუჯირი) ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მინიჭებას.