საზოგადოება
უპრეცედენტო ქველმოქმედება: ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობისთვის 1 მილიარდი ევრო გადარიცხა!

      საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი 140 ჰექტარზე გაშენდება და პირველი მასშტაბური საგანმანათლებლო ცენტრი იქნება რეგიონში, რომელიც თანამედროვე ლაბორატორიებით და ინფრასტრუქტურით აღიჭურვება. ის 60 ათას სტუდენტზე იქნება გათვლილი.
საუნივერსიტეტო ქალაქი საკუთარ თავში მოიცავს საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროებს, აუდიტორიებს, ულტრათანამედროვე ლაბორატორიებს, საკონფერენციო დარბაზებს, ბიბლიოთეკებს, სტუდენტებისა და პროფესორებისთვის საერთო საცხოვრებლებს. ასევე იქნება კინოთეატრები, დასასვენებელი კლუბები, კაფე, სპორტული ინფრასტრუქტურა - ფეხბურთისა და რაგბის სტადიონი, ჩოგბურთის კორტები, კალათბურთის მოედანი, აუზი.
უნივერსიტეტში სწავლება ყველაზე მოთხოვნადი და აქტუალური მიმართულებებით წარიმართება. უნივერსიტეტის მთავარი პროფილი ტექნოლოგიური და ტექნიკური მეცნიერებები იქნება. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი სტუდენტების პირველ ნაკადს 2019 წელს მიიღებს.
ცნობილია, რომ მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალისტები ქართველ კოლეგებს „ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის" განვითარებაში დაეხმარებიან.