აქტუალური
"ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება მცირე მოვაჭრეების გაკოტრებას გამოიწვევს"

demur_giorxelidzeამ აზრისაა ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე, რომელიც აცხადებს, რომ სავაჭრო საქონლის საქართველოში სამგზავრო ტრანსპორტით შემოტანის აკრძალვა მცირე მოვაჭრეების გაკოტრებას გამოიწვევს და მთელ ბაზარს ის მსხვილი კომპანიები აითვისებენ, რომლებიც ხელისუფლებასთან დაახლოებულები არიან.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, მცირე და ინდივიდუალურ მეწარმეებს არ აქვთ საშულება, პროდუქცია კონტეინერებითა და დიდი სატვირთო მანქანებით შემოიტანონ, ამიტომ ფინანსთა სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად რამდენიმე ათეული ათასი მოვაჭრე შემოსავლის გარეშე დარჩება.

მისი თქმით, იმის მაგივრად, რომ მთავრობა სამუშაო ადგილების შექმნითა და მცირე თუ ინდმეწარმეების ხელშეწყობით იყოს დაკავებული, პირიქით, მათ ყოველნაირად უკეტავს გზას და თითქმის ყველა სფეროში მონოპოლისტების გაჩენას უწყობს ხელს.

გიორხელიძის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს არგუმენტაცია, რომ თითქოს მარტივი გზით შემოტანილი საქონელი რამდენიმე უცხოურ ბრენდს პრობლემას უქმნის, ალოგიკური და გაუმართლებელია. სწორედ ამ ბრენდების შემომტანებმა ისეთი კატასტროფული ფასები დაადეს თავის პროდუქციას, რომლის ანალოგიც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის და თურმე, სხვა თუ იაფად შემოიტანს პროდუქციას, მათ პრობლემები ექმნებათ.

"ქვეყანაში, სადაც დასაქმება პრობლემაა და სადაც მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა იყოს დომინირებული, ამ დროს ფინანსთა სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ზღუდავს და აკოტრებს მცირე თუ ინდივიდუალურ მეწარმეებს. ახლა ბიზნესი, რომელიც ათიათასობით ადამიანს კვებავდა, მსხვილი ბიზნესმენების ხელში გადავა. ფინანსთა სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილება მსხვილი მონოპოლისტების წარმოქმნას გამოიწვევს და ფასებზეც შესაბამისად აისახება”, - განაცხადა დემურ გიორხელიძემ.