სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაცია დასრულებულია

      საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:
"ჩატარებული ღონისძიების შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.
სამწუხაროდ, სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი და დაიჭრა 2 . ამასთანავე, დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს.
არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. ამ პირებთან მიმართებაში დაკვირვება უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა. საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, აღნიშნული ჯგუფის წევრების სრული იდენტიფიკაციის მიზნით, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ თანამშრომელს, სპეცრაზმელს და პოლიციელს, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ჩვენი მოქალაქეები.
ამ რთული ვითარების გადატანისთვის მადლობას ვუხდით ჩვენს მოსახლეობას, რომ მათ ითანამშრომლეს სამართალდამცველებთან".