საზოგადოება
ყოფილი მეეზოვე: “ასე რატომ ვეზიზღებით ჩვენს “რჩეულებს”?

dvornik,,მინდა, იმ შემზარავი ტრაგედიის შესახებ მოგიყვეთ, რომელიც ბნელეთის მოციქულებმა, გიგი უგულავას ხელდასმულმა, აღზევებულმა “ტროიკამ”(კოტე ზარნაძემ, რომელიც დასუფთავების სამსახურის ვაკე-საბურთალოს რაიონის უფროსია; გიორგი ხუჭუამ, ქალაქის დასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილემ და ტარიელ ხიზანეიშვილმა, ქალაქის დასუფთავების სამსახურის უფროსმა, რომელთა მოვალეობასაც ახლა დავით ბაკურაძე ასრულებს) არსებული რეჟიმისთვის დამახასიათებელი სადიზმით, სისასტიკითა და ცინიზმით თავს დაატეხეს ამა წლის შობა-ახალ წელს ჩემს ხუთსულიან ოჯახს. ვიცი, რომ ამ ამბის გახმაურების შემდეგ, შეიძლება არ დაინდონ ჩემი ოჯახის წევრები, ამიტომ გთხოვთ, გვარს ნუ დაასახელებთ,” – ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი ფსიქოლოგიის პროფესორმა, რომელიც თავს ყოფილ მეეზოვეს უწოდებს.

– მე, 80 წელს მიტანებულ მოხუცს, 65– წლიანი მუშაობის უწყვეტი სტაჟით, 107– ლარიანი პენსიით, ფსიქოლოგიის პროფესორს, რეპრესირებული ოჯახის წევრს (მამაჩემი, რომელიც ლაიფციგისა და ჰეილელბერგის უნივერსიტეტების საერთაშორისო სამართლის პროფესორი გახლდათ, კომუნისტებმა, ხოლო ბაბუაჩემი, სიონის ეკლესიის მღვდელი, ბოლშევიკებმა დახვრიტეს. გიგი უგულავას მიერ რესტავრირებულმა “ტროიკამ” დღემდე არსებულ განაჩენთა შორის, ყველაზე ულმობელი განაჩენი, შიმშილით სიკვდილი გამომიტანა დემოკრატიის შუქურად მონათლულ საქართველოში.

მას შემდეგ, რაც აფხაზეთში 1993 წლის 16 მარტს გმირულად დაიღუპა ჩემი შვილი , ობლად დარჩენილი სამი ბავშვის ერთადერთი მარჩენალი მე ვარ. 4 წლის წინათ, როცა ძალიან გაგვიჭირდა, უყოყმანოდ ავიღე ხელში მეეზოვის ცოცხი და კეთილსინდისიერად შევუდექი შრომას. 4 წელი ვიმუშავე და, თუ ვინმემ იცის, რას წარმოადგენს უგულავას დაქვემდებარებული ქალაქის დასუფთავების სამსახური, ბრიგადირიდან დაწყებული ხიზანეიშვილით დამთავრებული, მეც მეთქმის ორიოდე სიტყვა.

– რა ხდება ამ სტრუქტურაში?

– გამეფებულია ოსტატურად შენიღბული კორუფცია, რომლის მსხვერპლიც პირადად გავხდი, იმის გამო, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონის დასუფთავების უფროსს, ვინმე კოტე ზარნაძეს, რომელიც ხმამაღლა აცხადებს, რომ გიგი უგულავას მეგობარია, არ მივეცი ქრთამი ( ერთი თვის ხელფასი). მან სრულიად უსამართლოდ, განთავისუფლების ბრძანების გარეშე, სიტყვიერად (ხვალიდან სამსახურში არ გამოეთრიოო) ძაღლივით ქუჩაში გამაგდო და შიმშილით სიკვდილისთვის გაწირა ჩემი ხუთსულიანი ოჯახი. ზარნაძემ მინი საკონცენტრაციო ბანაკი შექმნა მის საუფროსო უბანზე, ატერორებს მეეზოვეებს, დასცინის და აბუჩად იგდებს მათ. ხშირად გამიგონია მეეზოვეების მიმართ გამოთქმული დამამცირებელი სიტყვები: შე მყრალო, ბინძურო მენაგვე, იქით გაიწი, ყარხარ, ნაგვის ყუთში თავით ჩაგაყუდებ და ა. შ. მეეზოვემ თუ გაბედა და ხმა ამოიღო, ზარნაძე მაშინვე მოუხმობს მის ორ ხელქვეითს, კორუმპირებულ თემურ რეხრიაშვილს, რომელიც ზარნაძის მოადგილეა, და ვახტანგ წიკლაურს, რომელიც ბრიგადირი გახლავთ, დააწერინებს მოხსენებით ბარათს, თითიდან გამოწოვილი ფაქტებით, მიიტანს ხიზანეიშვილთან და მყისიერად მეეზოვე ქუჩაში აღმოჩნდება.

– რა ქრთამზეა საუბარი ?

– მე ვეძისთან ახლოს, ძალიან მძიმე უბანზე ვმუშაობდი, მძიმე იმ მხრივ იყო, რომ დღეში 4 მანქანა ხრეშის გაზიდვა მიწევდა. როდესაც შედარებით იოლი უბანი გათავისუფლდა, ზარნაძეს ვთხოვე, იქნებ, იქ გადამიყვანოთ– მეთქი, მაშინ ერთი თვის ხელფასი უნდა დატოვო, ასეთი წესიაო.

– თავად გიგი უგულავასთვის არ მიგიმართავთ წერილით?

–4 თვის განმავლობაში 4 განცხადებით მივმართე პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სამჯერ შევხვდი საკრებულოს თავმჯდომარე,ს სამადაშვილს, სამი თვე ვიდექი პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან, რომელსაც მე ჯოჯოხეთის კარიბჭე დავარქვი, და პირადად ვთხოვე რამდენიმე პარლამენტარს დახმარება.

– რა დახმარება გაგიწიეს?

– ყველა განცხადება გადაუგზავნეს უგულავას, რომელიც, როგორც კეთროვანს, ისე მიშორებს თავიდან. ნუთუ 4 თვის განმავლობაში ქალაქის მერისთვის, რომელიც ლამის ქრისტედ წარმოგვიდგინონ, ასე ძნელია, პასუხი აღირსოს 80 წლის მოხუცს?! გამაგებინეთ, ასე რატომ ვეზიზღებით ჩვენს “რჩეულებს”? მძიმე კაეშანი მიპყრობს და მზად ვარ, თვითმკვლელობით დავამთავრო ეს ძაღლური სიცოცხლე.

როგორც ქალაქის დასუფთავების სამსახურში შევიტყვეთ, ვაკე-საბურთალოს რაიონი შპს თბილსერვისს ეკუთვნის, რომელსაც ხელშეკრულება აქვს დადებული ქალაქის დასუფთავების სამსახურთან, ანუ დამგველები მერიას არ ექვემდებარებიან. შპს ,,თბილსერვისი’’ საკადრო ცვლილებებსაც თვითონ, დამოუკიდებლად ახორციელებს.

შპს ,,თბილსერვისის’’ ოპერატორმა, რომელმაც გვარის დასახელება არ ისურვა, ჩვენს რესპონდენტს ინტრიგანი უწოდა, მისი თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლესთან ახლოსაც ვერ იქნება, ვინაიდან ვაკე-საბურთალოს რაიონის უფროსი ზარნაძე, უკვე ერთი თვეა, სხვა განყოფილებაში გადაიყვანეს.

– ზარნაძე რომელიღაც სხვა სამმართველოში გადაიყვანეს, ზუსტად ვერ გეტყვით რომელში, მის ადგილას ხუჭუა მუშაობს. თქვენი რესპონდენტი ცრუობს, იმიტომ, რომ ჩვენ მეეზოვეებსაც და მენაგვეებსაც ხელის გულზე ვატარებთ და, თუ რომელიმე ბრიგადირს მათთან ურთიერთობა შეეშლება, მაშინვე ვათავისუფლებთ სამსახურიდან.

– რესპონდენტი იმასაც ამბობს, რომ თუ რომელიმე სხვა უბანზე გადასაყვანად ერთი თვის ხელფასი ექვითებათ.

– რა სისულელეა, ასეთი რამ პირველად მესმის. მეეზოვეებს მინიმუმ 300 ლარი აქვთ ხელფასი და ამ ფულში მათ არავინ ეცილება.