უცხოეთი
ანკარაში ლგბტ თემატიკის საჯარო ღონისძიებები აიკრძალა

      საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. თურქეთის დედაქალაქის ანკარის გუბერნიამ ყველა ის საჯარო ღონისძიება – ფილმის ჩვენება თუ გამოფენა აკრძალა, რაც ლგბტ თემატიკას უკავშირდება და საზოგადოებრივ მგრძნობელობაზე მიუთითა. ამის შესახებ მათ ვებ–საიტზე დღეს, 19 ნოემბერს გავრცელდა განცხადება.
"მხედველობაში მიიღება საზოგადოებრივი მგრძნობელობა და ნებისმიერი ღონისძიება, კინო, თეატრალური წარმოდგენა თუ გამოფენა, აიკრძალება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა და უსაფრთხოება", – ნათქვამია ანკარის განცხადებაში, სადაც ასევე წერია, რომ ასეთი ქმედებები ანკარასა და მის ირგვლივ, სხვა პრივინციებში საზოგადოების გარკვეული სეგმენტის პროვოცირებას იწვევს და ტერორისტების სამიზნედ ქცევის რისკსაც ზრდის.
გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც გასულ კვირას, გერმანულენოვანი ლგბტ თემატიკის კინოჩვენება აკრძალეს ანკარაში, კინოფესტივალის ფარგლებში.
თურქეთში ჰომოსექსუალობა კანონიერია, თუმცა ლგბტ აქტივისტების თქმით, ჰომოფობია ყოვლისმომცველია. როგორც BBC წერს, ისინი ამბობენ, რომ ყოველთვის განიცდიან სხვადასხვა სახის დისკრიმინაციას.
ანკარის გუბერნატორის განცხადებაში, რომელიც გერმანული კინოს აკრძალვას შეეხებოდა, ეწერა, რომ ფესტივალს შეეძლო უკმაყოფილება და შუღლი გაეღვივებინა საზოგადოების ნაწილში.
თურქეთის მთავრობამ სტამბოლში ყოველწლიური პოპულარული გეი პრაიდი სამი წლით დაბლოკა, უსაფრთხოების მიზეზით. 2003 წელს, თურქეთი პირველი მუსულმანური ქვეყანა გახდა, რომელმაც გეი პრაიდი დაუშვა.

on.ge