საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების გამოძევების შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ახალ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, 17 ნოემბერს ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ქვეყნიდან საქართველოს 8 მოქალაქე გამოაძევეს, მიზეზად კი უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელდება.
კიევში აცხადებენ, რომ ღონისძიება უსაფრთხოების სამსახურმა პოლიციის, საემიგრაციო და სასაზღვრო სამსახურებმა ერთობლივად ჩაატარეს. გადაწყვეტილება კი იმ მასალების საფუძველზე მიიღეს, რომელიც მოწმობს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქმიანობა უკრაინის უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება.
უწყება ქართველების ვინაობას არ აკონკრეტებს. თუმცა ცნობილია 8-დან 4 დეპორტირებულის ვინაობა. მათ შორის არიან „რუსთავი 2-ის“ ოპერატორი თამაზ შავშიშვილი და ქართველი მებრძოლები - ვანო ნადირაძე, ზურაბ ცინცაძე და მამუკა აბაშიძე.
მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, თამაზ შავშიშვილი სპეცსამსახურებმა მისივე სახლიდან გაიტაცეს, ვანო ნადირაძე კი ერთ-ერთი კაფედან. რადას დეპუტატის ინფორმაციით, ისინი ჟულიანის აეროპორტში გადაიყვანეს, საიდანაც თბილისში გამოამგზავრეს, თუმცა რეისი ფრენის ოფიციალურ განრიგში არ ფიქსირდება.
„ახალი ძალების მოძრაობის“ ადვოკატი კი აცხადებს, რომ ჟულიანის აეროპორტში დეპორტაციის მიზნით არა 8, არამედ 9 ადამიანი გადაიყვანეს.