საქართველო, 20 ოემბერი, საქინფორმი.
...საღამოს 5 საათი იყო დაწყებული. ქაშვეთის ეკლესიიდან მეტრო „თავისუფლების მოედნისკენ“ გავემართე და გზად უზარმაზარი რიგი დამხვდა. ტროტუარზე დალაგებული ჯებირები კი, გაცილებით დიდი რიგის არსებობას მოწმობდნენ. გამიკვირდა...
ვინც არ იცით, გეტყვით - „თავისუფლების“ მეტროს შესასვლელს ფართი მოჰპარეს და მეტროსადგურს უცხო ფირმის მაღაზია მიაშენეს.
ვის რა უფლება ჰქონდა დაემახინჯებინა დედაქალაქის ცენტრში მდებარე, ერთ-ერთი მთავარი მეტროსადგურის მშვენიერი, ფართო ამოსასვლელი და დაემსგავსებინა ის სოფლის ფოსტის შენობის ტიპის უბრალო, პატარა ფოიესთვის?! - ეს სხვა საკითხია…
რიგი, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან იწყებოდა, სწორედ ამ მაღაზიისკენ მიემართებოდა. წესრიგს პოლიცია იცავდა. იდგა ბედნიერი ხალხი რიგში, უფრო ბედნიერები კი, ნავაჭრით ხელში, ამ მაღაზიიდან გამოდიოდნენ.
ყველას კარგად გვახსოვს, როგორი რიგები იდგა „მაკდონალდსის“ რესტორანთან, როცა ის ახალი გახსნილი იყო. საინტერესოა, ახლა რატომ აღარ არის რიგი? დავიჯერო, რიგში მდგომნი ისე გაძღნენ, რომ აღარ სურთ ჭამა?! ორი დღის შემდეგ ხომ, არც ამ H&M-სთან იდგება რიგი! თუ მაინც და მაინც ამ ფირმის ტანისამოსი გინდა ჩაიცვა, ხომ შეიძლება მოითმინო, რიგში დგომით არ დაიტანჯო თავი და ორი დღის შემდეგ იყიდო?!
არა!!! ბურნუთას მამისა არ იყოს, თავს რომ ურტყამს კედელს, „უნდა დაიტანჯო“ და დღეს უნდა ჩაიცვა აუცილებლად! ჯერ კიდევ გუშინ თუ უბედური იყავი, დღეს გაბედნიერდები! ზუსტად ისევე, როგორც „მაკდონალდსის“ გახსნისას - „ჰამბურგერი“ და „ჩიპსები“ მაინც და მაინც იმ დღეს რომ უნდა გეჭამა!
P.S. მოკლედ, „ბედნიერი ერი“ ვართ, ევროპის გავლით პირდაპირ ნატოს უკანალისკენ მივექანებით ქუდმოგლეჯილნი! ერთი სიტყვით, ჰმ…
ლევან ზანგურაშვილი, პუბლისცისტი
საქინფორმი