საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. აშხაბადში ხელი მოეწერა ავღანეთიდან თურქმენეთის და სამხრეთ კავკასიის გავლით ევროპის მიმართულებით ახალი სატრანსპორტო დერეფნის „ლაპის ლაზულის“ შესახებ შეთანხმებას.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს პროექტში ჩართული ქვეყნების - ავღანეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის წარმომადგენლებმა. საქართველოს მხრიდან „ლაპის ლაზულის“ შეთანხმებას ხელი მოაწერა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.
შეთანხმება ითვალისწინებს პროექტში ჩართულ ქვეყნებს შორის სატრანსპორტო ურთიერთობის ხელშეწყობას, რაც გულისხმობს ტვირთების და მგზავრების დაუბრკოლებელი გადაადგილების ხელშეწყობას, სატრანზიტო მოძრაობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების და პროცედურების ჰარმონიზაციას და ა.შ.
საქართველოს ვიცე-პრემიერის შეფასებით, ამ პროექტში ჩართულობით საქართველო გახდა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის მონაწილე. „დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან მრავალმხრივ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი. ავღანეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი - ეს არიან ქვეყნები, რომელთაც ახალ სატრანზიტო დერეფანს დაუდეს საფუძველი. ეს გულისხმობს მეტი ტვირთის მოძრაობას ამ დერეფნის გავლით და ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნებისთვის, საქართველოსთვის და რეგიონისთვის. ეს არის ჩვენი პოლიტიკის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ საქართველო იყოს აქტიური მონაწილე რეგიონის სატრანზიტო პროექტების“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მან, ასევე, დადებითად შეაფასა საქართველო-თურქმენეთის ორმხრივი თანამშრომლობა, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში დინამიკურად ვითარდება და ეფუძნება მრავალ საერთო ინტერესს, მათ შორის, ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრობას, აგრეთვე ეკონომიკური თანამშრომლობისა და სატრანზიტო შესაძლებლობების განვითარების მხრივ არსებულ დაინტერესებას.
ქ. აშხაბადში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვდა კოლეგას, თურქმენეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს და საგარეო საქმეთა მინისტრს რაშიდ მერედოვს. გარდა ამისა, მან მონაწილეობა მიიღო ავღანეთის ეკონომიკური განვითარების საკითხზე საერთაშორისო კონფერენციაში.