აქტუალური
ოსური მხარის განცხადებით, „საზღვრის მოწყობის სამუშაოები გაგრძელდება”

      საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 82-ე შეხვედრა დასრულდა.
ქართული მხარის წარმომადგენლებმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი და საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავება გააპროტესტეს, ასევე მოითხოვეს 2016 წლის ივნისში დაკავებული გიორგი გიუნაშვილის უპირობოდ გათავისუფლება. 
ოსური მხარის განცხადებით, ე.წ. საზღვრის მოწყობის სამუშაოები გაგრძელდება. მათვე დაადასტურეს ინფორმაცია ჭვრინისი-კოდას მონაკვეთზე მავთულხლართების გავლების შესახებ.
რაც შეეხება ახალგორში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხს, მის საქმეზე განმეორებითი გამოძიება აღარ ჩატარდება და ოსურმა მხარემ მისი საქმე დახურა. თუმცა, ქართული მხარე თვლის, რომ პასუხგაუცემელი კითხვები კვლავ ბევრი რჩება და ამ საკითხზე მუშაობა გაგრძელდება.