უცხოეთი
რუსეთში დაკავებული ქართველი მძღოლი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

      საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. მოსკოვის სასამართლომ რუსეთში დაკავებული ქართველი მძღოლი უდანაშაულოდ ცნო. შოთა ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გამოძიება მას გახმაურებულ მკვლელობაში თანამონაწილეობაში სდებდა ბრალს. საუბარია, 2015 წლის 19 ოქტომბერს მომხდარ დანაშაულზე, რომელშიც ქართველი ბიზნესმენი ამირან გიორგაძე ფიგურირებდა. სწორედ გიორგაძის პირადი მძღოლი იყო დაკავებული შოთა ელიზბარაშვილი.
2015 წელს გიორგაძე კრასნოგორსკის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან, იური კარაულოვთან კაბინეტში იმყოფებოდა, მათ კრასნოგორსკის ელექტროქსელების ხელმძღვანელი გიორგი კოტლიარენკო შეუერთდა. სავარაუდოდ, მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც გიორგაძემ ცეცხლსასროლი იარაღით ორივე მათგანი სასიკვდილოდ დაჭრა. გაქცევისას შემთხვევითი გამვლელი კაციც მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. იმავე დღეს გიორგაძის ბინაში მოკლული იპოვეს მისი ბიზნესპარტნიორი ტრისტან ზაქაიძეც.
დანაშაულის ჩადენის მომენტში დაკავებული მძროლი გიორგაძესთან ერთად იმყოფებოდა. ის პოლიციას თავად ჩაბარდა.
შოთა ელიზბარაშვილმა საგამოძიებო იზოლატორში 2 წელი გაატარა.

imedinews.ge