საზოგადოება
საქართველოში დემოგრაფიული კატასტროფის მიზეზი - სსრკ-ის დაშლა და ომები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში

      საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. 2017 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით დავინახეთ, რომ შობადობა პირველად ჩამორჩა გარდაცვალებას. ანუ გარდაცვლილთა რაოდენობამ შობადობას გადააჭარბა, – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორის მოადგილემ თენგიზ ცეკვავამ განაცხადა. ცეკვავას თქმით, მიზეზი არის ის, რომ 1990-იან წლებში დაბადებულ ქალთა რაოდენობა შემცირდა, შესაბამისად, მათ მიერ გაჩენილი ბავშვების რაოდენობაც კლებისკენ წავა.
ეს პროცესი არის სწორედ იმის გამოძახილი, რომ 1990-იან წლებში შობადობამ იკლო და ის მოსახლეობა და ახალგაზრდები, რომლებიც ფერტილურ ასაკში შედიან, განსაკუთრებით ქალები, მათი რიცხვი, ფაქტობრივად, განახევრდა. თუ 80-იან წლებში დაიბადა დაახლოებით 450 ათასი ქალი საქართველოში, 90-იან წლებში დაბადებულ ქალთა რაოდენობა 230 ათასი იყო, ანუ განახევრდა და სწორედ ის ქალები, რომლებიც დღეს შედიან ფერტილურ ასაკში, სწორედ მათ მიერ გაჩენილი ბავშვების რაოდენობა დაიწყებს კლებას,  – განაცხადა ცეკვავამ.
მრავალრიცხოვან სარედაქციო პუბლიკაციებში საქინფორმი, რომელმაც გააანალიზა რეალური მონაცემები - არჩევნებში მონაწილეობამიღებული ამომრჩევლების და მუდმივ საცხოვრებლად ან სამუშაოდ ახლო და შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებში გამგზავრებული მიგრანტების რაოდენობა - ჯერ კიდევ 2011 წელს ასახელებდა ციფრს - 2 მილიონ 200 ათასი, თუმცა მას შემდეგ საქართველოში მცხოვრებთა რიცხვი კიდევ უფრო შემცირდა. ეს საბჭოთა საქართველოში მოსახლეობის რაოდენობაზე 2,5-ჯერ ნაკლებია.
საქართველოში მოსახლეობის შემცირების მიზეზად ცეკვავა სსრკ-ის დაშლას და ამის შემდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტებს ასახელებს, და კიდევ - აქტიურ მიგრაციას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 90-იან წლებში.
საქინფორმი შეგახსენებთ, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზი სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის, საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძისა და მისი მიმდევრის - საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობის შედეგია.
შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს საქსტატის დირექტორის მოადგილე შობადობის ამაღლებაში ხედავს, რისი უზრუნველყოფაც მხოლოდ „ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით შეიძლება (რაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის სრულმასშტაბიანი მოგვარების გარეშე შეუძლებელია - საქინფორმი).