საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. საპარლამენტო ოპოზიცია იმ მიზეზებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელთა გამოც, მათი თქმით, ეროვნული ვალუტა ყოველდღიურად უფასურდება.
„დღეს გვაქვს შედეგი იმ უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური პოლიტიკის, რომელსაც ახორციელებდა „ქართული ოცნება“ მთელი ამ წლების განმავლობაში და ეს არის მათ პასუხისმგებლობა და სამწუხაროდ ამის ფასი თითოეულმა ჩვენმა საქართველოს მოქალაქემ უნდა გადაიხადოს“, - აცხადებს ლევან თარხნიშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ამბობენ, რომ არსებული ეკონომიკური პოლიტიკის გათვალისწინებით, ლარს პოზიტიური პერსპექტივა არ გააჩნია და მისი გაუფასურება მომავალშიც გაგრძელდება. „ყოველდღიურად მძიმდება ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება, ყოველდღიურად იზრდება ფასები პროდუქტებზე, რაც რა თქმა უნდა ამძიმებს სოციალურ ფონს მთელს ქვეყანაში. მომდევნო პერიოდის განმავლობაში ამ მთავრობის ხელში პოზიტიური პერსპექტივა ლარს სამწუხაროდ არ აქვს“, - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.