უცხოეთი
სომხეთის პარლამენტმა სამხედრო სამსახურზე სადავო კანონპროექტი მიიღო

      საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. სომხეთის პარლამენტმა მეორე, ბოლო მოსმენით მიიღო სადავო კანონპროექტი, რომელიც აწესებს შეზღუდვებს ჯარში გაწვევის გადავადებაზე. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
კანონპროექტს, 105-წევრიან ეროვნულ ასამბლეაში 86-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი. მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ხელს მოაწერს კანონპროექტს.
გასული თვის ბოლოს კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას მოჰყვა სტუდენტების, რამდენიმე ოპოზიციური პარტიისა და საზოგადო მოღვაწეების პროტესტი.
კანონპროექტით, გაწვევის გადავადების მსურველმა ყველა სტუდენტმა კაცმა ხელი უნდა მოაწეროს სომხეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტს, რომლითაც დათანხმდება სწავლის დასრულების შემდეგ, ჯარში სამი წლის განმავლობაშო სამსახურს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუდენტს ჯარში გაიწვევენ, როცა მას 18 წელი შეუსრულდება.

imedinews.ge