პოლიტიკა
საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები განხორციელდა - პრემიერ-მინისტრმა საგანგებო განცხადება გააკეთა

       საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. ცვლილებების მიხედვით, 18 მინისტრიდან 14 დარჩება, რადგანაც 3 სამინისტრო და 1 „უპორტფელო“ მინისტრის აპარატი უქმდება.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი უქმდება და საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება.
გარემოს დაცვის სამინისტრო უქმდება და ორ სამინისტროს - სოფლის მეურნეობის სამინისტროს (ეკოლოგიის და ბუნებრივი რესურსების კომპონენტი) და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (მართვის კომპონენტი) უერთდება.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო უქმდება და ორ სამინისტროს - კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს (სპორტის კომპონენტი)  და განათლების სამინისტროს (ახალგაზრდობის საქმეთა კომპონენტი) უერთდება.
ენერგეტიკის სამინისტრო უქმდება და მდგრადი განვითარების სამინისტროშეუერთდება. საგარეო დაზვერვის სამსახური უქმდება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შეუერთდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო რეორგანიზაციის შედეგად გაერთიანდებიან ახალ  სტრუქტურაში -  საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, რომელსაც მოქმედი შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრად ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია დაინიშნება. გიორგი გახარია ერთდროულად ვიცე-პრემიერი იქნება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელშიც ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტროს მენეჯმენტის კომპონენტი გაერთიანდა, მოქმედი ფინანსთა მინისტრი - ყოფილი ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს.
ფინანსთა მინისტრად მამუკა ბახტაძე ინიშნება, რომელიც ამჟამად „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორია.
განათლების სამინისტროს და სპორტის სამინისტროს ნაწილის გაერთიანების შემდეგ მინისტრის პოსტს მიხეილ ჩხენკელი დაიკავებს, რომელიც ამჟამად თსუ-ს პრორექტორია.
კულტურის სამინისტროსა და სპორტის სამინისტროს ნაწილის გაერთიანებულ სტრუქტურას მოქმედი კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გარემოს დაცვის სამინისტროს შერწყმის შემდეგ მოქმედი სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს გაერთიანების შემდეგ მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უხელმძღვანელებს.
მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების პაკეტი მთავრობის უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება, რის შემდეგაც განსახილველად პარლამენტს წარედგინება.
ნდობის გამოცხადების პროცედურა დეკემბრის დასაწყისში დაიწყება და, სავარაუდოდ, ახალ წლამდე დასრულდება.