აუცილებელია კიდევ სამი სამინისტროს და ერთი „უპორტფელო“ მინისტრის გაუქმება - საქინფორმის მთავარი რედაქტორის რეკომენდაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს
რედაქტორისგან
აუცილებელია კიდევ სამი სამინისტროს და ერთი „უპორტფელო“ მინისტრის გაუქმება - საქინფორმის მთავარი რედაქტორის რეკომენდაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს

      „ყველაფერი ახალი - კარგად დავიწყებული ძველია“ - საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული ოპტიმიზაცია გახლავთ დაბრუნება საბჭოთა დროიდან პრეზიდენტ სააკაშვილამდე საქართველოში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების წლობით გამოცდილ სტრუქტურასთან.
საქართველოში ყველასთვის ცნობილია, რომ სააკაშვილი დუბლირებული  ფუნქციების მქონე სამინისტროებს თავისი საყვარლებისა და თანამებრძოლების დასაქმების მიზნით ქმნიდა, ისინი მზად იყვნენ, მისი ნებისმიერი, ყველაზე დანაშაულებრივი ბრძანებებიც კი ბრმად შეესრულებინათ.
სახელმწიფოს 2 მილიონამდე მოსახლეობით 18 მინისტრი არ სჭირდება და 14-ც კი, რომლებიც გუშინდელი რესტრუქტურიზაციის შედეგად დარჩნენ, მეტისმეტად ბევრია. საქართველოსთვის 10 სამინისტრო სავსებით საკმარისია, ამიტომ უკვე გაუქმებულ ოთხს უნდა დაემატოს კიდევ 4:
• შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი,
რომელიც არასოდეს შეარიგებს ქართველებს აფხაზებთან და ოსებთან, ქეთევან ციხელაშვილი კი თავისი განცხადებებით ამ უკანასკნელთ მხოლოდ აღიზიანებს;
 ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო - დევნილები ისევე არიან საქართველოს მოქალაქეები, როგორც ყველა დანარჩენი, ამიტომ შუამავალი სოზარ სუბარის სახით სხვა სამინისტროებთან, რომლებიც მათ დახმარებებს უხდიან, მკურნალობენ და სახლებს უშენებენ, არ სჭირდებათ. აგრეთვე გასაუქმებელია 2 „მთავრობა დევნილობაში“, რაც უკვე სასაცილოც არ არის;
• სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან უნდა გაერთიანდეს და ახალ სტრუქტურას ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა მინისტრმა კახა კახიშვილმა უნდა უხელმძღვანელოს. მით უმეტეს, რომ თეა წულუკიანი გათხოვდა და დასვენება და ოჯახური ბედნიერება დაიმსახურა;
• ფინანსთა სამინისტრო უმტკივნეულოდ გაერთიანდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, მით უფრო, რომ დიმიტრი ქუმსიშვილი ნიჭიერი მენეჯერია და საკმაოდ წარმატებული ეკონომიკის მინისტრი იყო. უფრო მოხერხებულია, როცა მთელი ეკონომიკური ბლოკი ერთ სამინნისტროშია გაერთიანებული.
შედეგად 10 სამინისტრო დარჩება, რისი დამტკიცებაც გვჭირდებოდა.
P.S. მნიშვნელოვანია, რომ ეს დამატებები სასწრაფოდ იქნეს შეტანილი, ახალ წლამდე პარლამენტის განსახილველად მთავრობის ახალი შემადგენლობის ნდობის საკითხის გამოტანა - განხილვა - დამტკიცება რომ მოესწროს.
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2017 წლის 14 ნოამბერი
საქართველო, თბილისი