უცხოეთი
დონალდ ტრამპის თქმით, ვლადიმერ პუტინთან ვიეტნამში „გამართული დისკუსია პოზიტიური იყო“

      საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ის პირველმა პირმა დონალ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა Twitter-ით შეაფასა.
„რუსეთს შეუძლია ჩრდილოეთ კორეის, სირიის, უკრაინისა და ტერორიზმის პრობლემის გადაჭრაში დახმარება“ – წერს აშშ-ის პრეზიდენტი მიკრობლოგში. მისივე თქმით, აშშ-სა და რუსეთს შორის კარგი ურთიერთობები, ვაშინგტონს მხოლოდ წაადგება და ვინც სხვაგვარად ფიქრობს, ის ქვეყანას ვნებს.
მან ასევე კიდევ ერთხელ გააკრიტიკა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ექსსახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი.
„ახსოვს კი „ყალბ მედიას“, თუ როგორ ეხვეწებოდა ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი რუსეთს მეგობრობას, იმ ცნობილი „გადატვირთვის“ ღილაკით? ობამაც სცადა, მაგრამ პუტინთან არაფერი გამოუვიდა“ – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
მისივე შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტთან ვიეტნამში „გამართული დისკუსია პოზიტიური იყო“.
დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი ვიეტნამში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე შეხვდნენ ერთმანეთს.

1tv.ge