საზოგადოება
ტექდათვალიერების არარსებობის გამო ავტომობილის კერძო მფლობელები 50 ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო იურიდიული პირები - 200 ლარით

      საქართველო, 10 მოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომელიც ყველა კატეგორიის ავტომობილისთვის სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღებას გულისხმობს. კანონპროექტის ავტორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო ინიციატორია მთავრობა.
ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღების ინიციატორები ექსპლუატაციაში მყოფი და შემოწმებაზე არ გამოცხადებული მანქანების მძღოლებისა და მფლობელების 50 ლარით დაჯარიმებას სთავაზობენ, იურიდიულ პირთათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის ჯარიმა 200 ლარს შეადგენს.
ამჟამად მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ტესტირება ნებაყოფლობითია, ხოლო 3,5 ტონაზე მეტი ტვირთამწეობის სატვირთო ავტომობილების, ასევე მგზავრთა (8-ზე მეტი) გადაყვანისთვის განკუთვნილი ავტომობილებისთვის აუცილებელი.
ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერებ ძალაში 2018 წლის 1 იანვრიდან შევა და მისი საფასური 60 ლარს შეადგენს. კანონში "საგზაო მოძრაობის შესახებ" შესწორებების თანახმად, სავალდებულო პერიოდულ ტექდათვალიერებას გაივლიან მარტო ის ავტომობილები, რომლებიც ექსპლუატაციაში არიან მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე და დარეგისტრირებულია ქართული კანონმდებლობით დადგენილი წესების მიხედვით.