უცხოეთი
სტოლტენბერგი: საამიროებს და კატარს ავღანეთის სამხედრო მისიაში მონაწილეობა სურთ

      საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. "არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს და კატარს ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ჩართვა სურთ", - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივნმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მისიაში მათი მონაწილეობა ვღანეთისთვის ძლიერი გლობალური მხარდაჭერის სიმბოლოა", - თქვა სტოლტენბერგმა. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ნატოს წევრი 27 ქვეყანა მზად არის გაზარდოს "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე სამხედროთა რაოდენობა 13 000-იდან 16 000-მდე.
ნატოს თავდაცვის მინისტერიალში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიაც მონაწილეობს.
შეგახსენებთ, რომ არაბულ ქვეყნებსა და კატარს შორის პოლიტიკური კრიზისი ჯერ კიდევ გრძელდება. კრიზისი 5 ივნისს დაიწყო, როდესაც 6-მა არაბულმა ქვეყანამ (საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, ეგვიპტე, იემენი, ლიბია), მალდივის, მავრიკისა და მავრიტანიის რესპუბლიკამ, ტერორიზმის დაფინანსებისა და რეგიონში დესტაბილიზაციის მხარდაჭერის ბრალდებით, კატართან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.
23 ივნისს ქუვეითმა, შუამავლის სტატუსით, კატარს მოთხოვნების 13-პუნქტიანი სია გადასცა. ბაჰრეინი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ეგვიპტე კატარისგან ითხოვენ, გაწყვიტოს ირანთან კონტაქტი, დახუროს თურქული სამხედრო ბაზა და ასევე, ტელეკომპანია, რომელსაც პროპაგანდის გავრცელებაში სდებენ ბრალს. ამ მოთხოვნების შესასრულებლად კატარს დრო 2 ივლისამდე მისცეს. თუმცა მოგვიანებით, კატარისთვის გაგზავნილ მოთხოვნათა 13-პუნქტიანი სიიდან, ხუთმა არაბულმა ქვეყანამ მოთხოვნები 6-მდე შეამცირა.
კატარის ხელისუფლებამ, სპარსეთის ყურის ქვეყნების მხრიდან წაყენებულ ულტიმატუმს არარეალური უწოდა. 30 ივლისს ცნობილი გახდა არაბული ქვეყნების კატართან დიალოგის მზაობის შესახებ.

imedinews.ge