საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მხარს არ უჭერს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის წინადადებას, განაცხადა უმაღლესი რადას დეპუტატმა პარტიიდან „პეტრო პოროშენკოს ბლოკი“ ივან ვინნიკმა.
უკრაინის მხრიდან რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის წინადადება შესულია დონბასის რეინტეგრაციის შესახებ კანონპროექტის შესწორების ტექსტში, რომელიც პარლამენტის პროფილურ კომიტეტში შევიდა. დეპუტატ ანდრეი ტეტერუკის თქმით, შესწორება შეიტანა დეპუტატთა ჯგუფმა პოლიტიკური ძალიდან „უკროპ“, ისინი დიპურთიერთობის გაწყვეტას 3 თვის ვადაში სთავაზობენ.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მოსკოვსა და კიევს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის საკითხს უკრაინის სუვერენული საქმე უწოდა და აღნიშნა, რომ ასეთ ნაბიჯს ორივე ქვეყნის მოქალაქეთა დაზარალება შეუძლია.
ცნობისათვის: 2008 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ სამხრეთ ოსეთში განხორციელებული სამხედრო ავანტიურის შემდეგ, საქართველომ მისივე გადაწყვეტილებით რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა და დღემდე არ აღუდგენია.