პოლიტიკა
„შეშფოთება გამოიწვია მოქალაქეთა კომენტარებმა, რომლებიც აშკარად მტრული პროპაგანდის გავლენის ქვეშ იმყოფებიან“ - დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიის განცხადება

      საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა თავის ფეისბუქგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა:
„მადლობლები ვართ Polygraph.info და „ამერიკის ხმის“ რედაქციების, რომლებმაც ობიქტური მასალა გამოაქვეყნეს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიის შესახებ „თბილისში მდებარე ამერიკული ლაბორატორია რუსეთს ბიო-იარაღით ებრძვის?“
სამწუხაროდ, სტატიის კომენტარებში კვლავ შეგვხვდა ჩვენი გაუთვითცნობიერებელი მოქალაქეების შეხედულებები, რომლებიც აშკარად მტრული პროპაგანდის გავლენის ქვეშ იმყოფებიან. ამიტომაც თავს ვალდებულად ვთვლით რამდენიმე განმარტება კიდევ გავაკეთოთ.
ვინც კი ოდნავ მაინც ერკვევა მიკრობიოლოგიაში, მიხვდება, რომ ასეთ ლაბორატორიაში ბიოლოგიურ იარაღს ვერ დაამზადებენ. უბრალოდ შესაფერისი აღჭურვილობა იქ არ არის, და თანაც ლაბორატორია ღიაა ყველა პროფესიონალისათვის, როგორც ქართული კვლევითი დაწესებულებებიდან და უნივერსიტეტებიდან (მათ შორის სტუდენტებისათვის), ასევე ახლო თუ შორეული ქვეყნების პარტნიორებისათვის. რუსი მეცნიერებიც არაერთხელ ყოფილან და უმუშავიათ კიდეც ლუგარის ლაბორატორიაში.
რაც შეეხება დიაგნოსტიკას და კვლევებს, 21-ე საუკუნეში ასეთი ლაბორატორია თუ არა გაქვს, უბრალოდ არ გეცოდინება რა ხდება შენს ქვეყანაში და სხვებს უნდა სთხოვო დახმარება. ცნობისათვის, მე-3 დონის ბიოუსაფრთხოების ლაბორატორია თითქმის ყველა მეტნაკლებად განვითარებულ ქვეყანას აქვს, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში ყველა სერიოზულ უნივერსიტეტს. აქვე აღვნიშნავთ, რომ მე-3 დონის ლაბორატორიაში მხოლოდ იმ პათოგენებზეა დასაშვები მუშაობა, რომელიც შენს ქვეყანაშია გავრცელებული და არ შეიძლება ისეთი საშიში ვირუსების (მაგალითად ებოლას ვირუსი) კულტივირება (გაზრდა), შენახვა და მათზე კვლევები, რომელიც განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენენ. ასეთ ვირუსებზე სამუშაოდ საჭიროა მე-4 დონის ბიოუსაფრთხოების ლაბორატორია, რომელიც ბევრი აქვს შეერთებულ შტატებს თავის ტერიტორიაზე, ასევე აქვს საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას, შვედეთს და, სხვათა შორის, რუსეთს და ბელორუსსაც.
და ბოლოს იმისათვის, რომ საბოლოოდ დაესვას წარტილი ლუგარის ლაბორატორიაზე გავრცელებულ ჭორებს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, გერმანიის საგარეო ოფისის მხარდაჭერით, ოფიციალურად მოიწვია ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ეგიდით საერთაშორისო ექსპერტები, რათა ოფიციალურად შეგვაფასონ, როგორ სრულად ვასრულებთ კონვენციის მოთხოვნებს“.