პოლიტიკა
„კვალიფიკაციის ასამაღლებლად“ ამჯერად გელა ბეჟუაშვილი გაუშვეს

bezhuashvili_gelaპრეზიდენტის პრესსპიკერის - მანანა მანჯგალაძის განცხადებით, ბეჟუაშვილი აშშ–ში კვალიფიკაციის ასამაღლებლად იმყოფება და სასწავლო კურსების დასრულების შემდეგ დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობას განაგრძობს. „სასწავლო კურსები, მაქსიმუმ, 1,5 თვეს გასტანს“, – დასძინა მანჯგალაძემ.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გასულ კვირას პრესაში ბეჟუაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციები გავრცელდა, თუმცა რა მიზეზით გადაწყვიტა საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პოსტის დატოვება, უცნობია.

ჯერჯერობით არც ის არის ცნობილი, ვინ დაიკავებს მის ადგილს.

შეგახსენებთ, რომ „კვალიფიკაციის ასამაღლებლად“ საზღვარგარეთ რამდენიმე დღის წინათ კიდევ ერთი თანამდებობის პირი, საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი გოგა გრიგალაშვილი გაუშვეს. საქინფორმის ინფორმაციით, გრიგალაშვილს დაკავებული თანამდებობიდან გადადგომა აქვს დაგეგმილი. მის ადგილს კი, სავარაუდოდ, თბილისისა და მცხეთა–მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი გეგეჭკორი დაიკავებს, რომელიც ამჟამად სწორედ მის მოვალეობას ასრულებს.

საქინფორმი ჯერ კიდევ გუშინ წერდა იმის შესახებ, რომ მმართველ გუნდში სერიოზული შიდა დაპირისპირებაა. ბეჟუაშვილისა და გრიგალაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებთან ერთად თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ რამდენიმე კვირის წინათ შს მინისტრის – ვანო მერაბიშვილის დაცვის წევრებმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი გივი თარგამაძე სცემეს, არ არის გამორიცხული, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს მართლაც სერიოზულად დაუპირისპირდნენ.