საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება არ მოხდება - განმარტება საემიგრაციო სამსახურის მიერ გაცემულ დოკუმენტთან დაკავშირებით "ახალ ძალთა მოძრაობაში" გაკეთდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელის განცხადებით, უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ სააკაშვილი უკრაინაში ლეგალურად იმყოფება, ნოემბერში დანიშნულ სასამართლო სხდომაზე კი ოდესის ყოფილი გუბერნატორისთვის მოქალაქეობის აღდგენასაც შეეცდებიან.
საემიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილებას პეტრო პოროშენკოს ხელისუფლების სისუსტედ აფასებენ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები თბილისში და ექსტრადირებას არც დოკუმენტით განსაზღვრული ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ელოდებიან.
„ეს დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ძალიან დიდ პოლიტიკურ ძალას და წონას, რომელიც მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში გააჩნია. ფაქტობრივად, პოროშენკო მიხვდა, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა თავის დროზე, როდესაც სააკაშვილს ჩამოართვა მოქალაქეობა. ძალიან დიდ ჩიხში შეიყვანა პოლიტიკური ხელისუფლება და ახლა მიმდინარეობს ამ ჩიხიდან გამოსვლის პროცესი“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილს წარსულის პოლიტიკოსად მოიხსენიებენ „ქართული ოცნების“ წევრები.
„ეს არის უკრაინის ხელისუფლების პრეროგატივა, მათი გადაწყვეტილება. მიხეილ სააკაშვილი აღარ არის დღეს აქტიური პოლიტიკოსი. სამწუხაროდ მისმა მოღვაწეობამ მიიყვანა იმ ეტაპამდე, რომ ის დარჩა წარსულის პოლიტიკოსად“, - აცხადებს მარიამ ჯაში.