პოლიტიკა
რუსეთმა სამშაბათს გაეროში ნაციზმის ჰეროიზაციასთან ბრძოლის შესახებ გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტი წარადგინა - ვის მხარეს დაიკავებს საქართველო?

      საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. დოკუმენტის პრეზენტაცია რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰუმანიტარული თანამშრომლობისა და ადამიანთა უფლებების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გრიგორი ლუკიანცევმა გამართა, რომლის თქმით, „ლაპარაკია არა წარსულის გამოძახილზე, არამედ რასიზმის თანამედროვე და ძალზე სახიფათო გამოვლინებებზე, რომლებთან შებრძოლება აუცილებელია როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ლაპარაკია სხვადასხვა ჯურის ექსტრემისტული დაჯგუფებების შემაშფოთებელ წამოწევაზე, რომლებიც ძალადობის აქტებს მიმართავენ კანის განსხვავებული ფერის, განსხვავებული რწმენის მქონე ადამიანების, იმიგრანტების და ეროვნული უმცირესობების მიმართ“, - იუწყება ТАСС.
„რასისტული და ექსტრემისტული იდეების გავრცელებას სულ უფრო ხშირად ამართლებენ აზრის გამოხატვის თავისუფლების დამოწმებით, რაც ეწინააღმდეგება ძირითადი საერთაშორისო უფლებადამცველი ხელშეკრულებებით სახელმწიფოებზე დაკისრებულ ვალდებულებებს“, - ხაზი გაუსვა რუსმა დიპლომატმა.
ნაციზმის ჰეროიზაციასთან ბრძოლის და რასიზმის, რასობრივი დისკრიმინაციის და ქსენოფობიის თანამედროვე ფორმებთან დაპირისპირების აუცილებლობის შესახებ რეზოლუციის პროექტს გენერალური ასამბლეა ყოველწლიურ საფუძველზე იღებს. საქინფორმი აღნიშნავს, რომ შარშან დოკუმენტს მხარი 136 სახელმწიფომ დაუჭირა, წინააღმდეგ მხოლოდ აშშ და უკრაინა გამოვიდნენ, ხოლო 48 ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, პოლონეთმა, საფრანგეთმა და ევროკავშირის სხვა წევრებმა კენჭისყრის დროს თავი შეიკავეს.
ვის მხარეს დაიკავებს საქართველო? №1 სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის მხარეს, „ერთ ბედქვეშ მყოფი, რუსეთის ოკუპაციისგან დაზარალებული“ ბანდერული უკრაინის მხარეს, რომელსაც ხელისუფლებაში პოლიცაების შვილიშვილები ეყოლება, ევროკავშირის მხარეს, რომელთანაც ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი?
თუ თავისი 700 ათასი შვილის - დიდი სამამულო ომის გმირების მხარეს, რომლებმაც ფაშისტები გაჟლიტეს, როგორც აღმოჩნდა, ბოლომდე არა?!