აღმოსავლეთის ქვეყნებში მასობრივი არეულობები გრძელდება, რამაც უკვე გავლენა მოახდენა მსოფლიო ეკონომიკაზე. ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟის ვაჭრობის შედეგად, WTI–ს ნავთობი 3,7 დოლარით გაძვირდა და ბარელზე 89,34 დოლარი შეადგინა. Brent–ის ნავთობის ფასი კი 2,03 დოლარით გაიზარდა და 99,42 დოლარს მიაღწია. ფასების ასეთი მკვეთრი მატება უკავშირდება იმის შიშს, რომ ეგვიპტის, ტუნისისა და იორდანიის შემდეგ არეულობები, შესაძლოა, ნავთობით მდიდარ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზეც გავრცელდეს, რაც მოპოვების შემცირებას გამოიწვევს. რეგიონში მზარდი დესტაბილიზაციის გამო შეშფოთება უკვე გამოთქვეს აშშ–ის სახელისუფლო ეშელონებში.
საქართველოს ხელისუფლება კი ქვეყნის აღმშენებლობას ჩვეული სიმშვიდით აგრძელებს, იქნებ იმიტომ, რომ რევოლუცია ჩვენთვის უცხო არ არის, ან იქნებ ეს სიმშვიდე ნაძალადევია და მის უკან დიდი შეშფოთება იმალება. ცუდი წინათგრძნობაა, რადგან აღმოსავლეთის მკვიდრნი მძიმე სოციალურმა ვითარებამ გამოიყვანა ქუჩაში, ამ მხრივ კი საქართველოს მოსახლეობასაც არ ულხინს. აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას მედიაში ხაზგასმით აღინიშნება, რომ მოსახლეობა ამა თუ იმ ხელისუფალის მრავალწლიან მმართველობას აპროტესტებს, მაგრამ საყოველთაო არეულობის უმთავრესი მიზეზი ეს რომ არ უნდა იყოს, ამის დასტურად სინგაპურის ისტორიაც კმარა, რომელსაც ლი კუან იუ 31 წლის განმავლობაში მართავდა. სწორედ მან აქცია სინგაპური მძლავრ ეკონომიკურ სახელმწიფოდ.
მაშინ, როდესაც ტუნისის ძალაუფლებადაკარგული პრეზიდენტი მეზობელ სახელმწიფოებში თავშესაფარს ეძებდა, საქართველოს პრეზიდენტი ტელეეთერიდან არწმუნებდა ხალხს, რომ ქვეყანა სინგაპურის გზით მიდის და სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში ჩვენი ქვეყანა წამყვან პოზიციებს იკავებს (თუმცა რატომღაც ხელისუფლება არასდროს აღნიშნავს იმ რეიტინგებს, რომელშიც საქართველო აფრიკულ სახელმწიფოებსაც კი, მათ შორის ტუნისსაც, ჩამორჩება). ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ რეიტინგებს არ უნდა ვენდოთ, რადგან სინამდვილეში ეს რეიტინგები არის პასუხი კითხვებზე, რომლებსაც გამოკითხულებს უსვამენ. აქ მოქმედებს პრინციპი - რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს. ჩვენ რეალურად უნდა შევაფასოთ სიტუაცია, ის, თუ როგორი ეკონომიკური ვითარებაა ქვეყანაში. რეალური სურათი კი საკმაოდ სავალალოა: თუ "ვარდების რევოლუციის" წინ საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე მეტი იყო, ვიდრე სომხეთში, დღეს იქ 25 პროცენტით მეტია. ადრე მთლიანი შიდა პროდუქტი ჩვენზე ცოტათი მეტი იყო აზერბაიჯანში, დღეს კი ორჯერ მეტია. ჩვენი გაყალბებული სტატისტიკაც კი გვიჩვენებს, რომ საქართველოში დღეს ეკონომიკური სიტუაცია უარესია, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში. მეზობელ სახელმწიფოებზე რომ აღარაფერი ვთქვათ და არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარება გლობალურ პრობლემებს არ დავაბრალოთ (როგორც ამას ხელისუფლება აკეთებს), რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო რთულია, ვიდრე ტუნისის. უმრავლესობა, ალბათ, ფიქრობს, რომ ქვეყანაში უკიდურესად მძიმე ეკონომიკური ვითარებაა, რადგან საზოგადოებამ უკიდურეს ზომებს მიმართა და ხელისუფლება ჩამოაგდო. თუმცა აფრიკულ სახელმწიფოს ეკონომიკური მაჩვენებლები საკმაოდ ნორმალური აქვს. თუ ორივე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებს გადავხედავთ, ცხადი გახდება, რომ უკმაყოფილების მიზეზი ქართველებს გაცილებით მეტი გვაქვს, ვიდრე ტუნისის მოსახლეობას.
2010 წლის პირველი სამი კვარტლის მიხედვით, ტუნისის მთლიანი შიდა პროდუქტი 43.869 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც ერთ სულ მოსახლეზე 4160 დოლარია. საქართველოში, ანალოგიური პერიოდის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტი 8.237 მილიარდი დოლარი იყო, რაც, შესაბამისად, ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 1856 დოლარია. ამ მაჩვენებლით აფრიკული ქვეყანა მსოფლიო რეიტინგში დაახლოებით 40 ადგილით უსწრებს საქართველოს (2009 წელს ტუნისი მშპ-ს მაჩვენებლის მიხედვით 77-ე ადგილზე იყო, საქართველო 116-ეზე).
ტუნისის სავალუტო რეზერვი 9.561 მილიარდი დოლარია, საქართველოში ეს მაჩვენებელი 2.265 მილიარდ დოლარს შეადგენს.
2010 წელს აფრიკულ სახელმწიფოში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 4,5% იყო. ჩვენს ქვეყანაში 2010 წელს კი ფასების დონის 11,2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. როგორც ჩანს, "საერთაშორისო ინფლაცია", რომლითაც საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინდექსის ორნიშნა ციფრით ზრდას ამართლებენ, ტუნისზე გავლენას არ ახდენს, ან შეიძლება ტუნისისთვის "ხორბალი არ გაძვირებულა?"
უმუშევრობის დონის თვალსაზრისით, სიტუაცია მკვეთრად არ განსხვავდება, თუმცა ტუნისი ამ კომპონენტითაც წინ გვისწრებს. უმუშევრობის დონე იქ 13,2%-ია, საქართველოში კი 16,9%. გასულ წელს, საქართველოს მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიხედვით, ბიუჯეტის დეფიციტი 7,4%-ის დონეზე იყო განსაზღვრული, ტუნისში კი საბიუჯეტო დეფიციტი 2,7% იყო. საგარეო ვალის მოცულობასთან დაკავშირებით ვითარება თითქმის იდენტურია, როგორც ტუნისში, ისე საქართველოში საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 2010 წლის მდგომარეობით 43%-ის დონეზეა.
რაც შეეხება საკრედიტო რეიტინგებს, standart&poors-ის მიხედვით, ტუნისის რეიტინგი განისაზღვრება BBB სტაბილური პროგნოზით. იმავე სააგენტომ საქართველოს მიანიჭა B+ რეიტინგი, რაც 2 საფეხურით დაბალია ტუნისის რეიტინგზე.
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დონე მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ 2010 წელს 11,2% იყო და მიმდინარე წელს მის კვლავ გაზრდას ვარაუდობენ. ტუნისში ეს მაჩვენებელი მშპ-ს 4,4%-ია. საქართველოსგან განსხვავებით, სადაც მთლიან სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტის წილი დაახლოებით 25%-ია, ტუნისში ექსპორტის ეს ციფრი 46%-ს შეადგენს და მთლიანი შიდა პროდუქტის 52%-ია.
გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში ტუნისი 32-ე ადგილზეა, საქართველო კი 93–ე ადგილს იკავებს.
ქართულ ლართან შედარებით, ტუნისის დინარი უფრო მყარი ვალუტაა: 1 ამერიკული დოლარი არის 1,42 ტუნისის დინარი, 1 ევრო კი – 1,93 დინარი. ქართული ვალუტის შემთხვევაში თანაფარდობა შემდეგია: 1 დოლარი 1,80 ლარია, ხოლო 1 ევრო – 2,44 ლარი. ტუნისში საშუალო ხელფასი შეადგენს 350 ევროს (854 ლარი), ხოლო ჩვენს ქვეყანაში ეს ციფრი 560 ლარამდეა.
როგორც ვხედავთ, ეკონომიკური მდგომარეობა აფრიკულ სახელმწიფოში, ერთი შეხედვით, აშკარად უკეთესია ჩვენთან შედარებით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში ხდება რეალური ვითარების მიჩქმალვა, ეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, ციფრებით მანიპულირება, რაც დაძაბულობასა და სოციალურ აფეთქებას გარკვეული ვადით თრგუნავს და ანელებს. მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მაინც ამოტივტივდება ზედაპირზე. ტუნისში ეს უკვე მოხდა და ახლა ჯერი ეგვიპტეზე მიდგა. სხვათა შორის, ეგვიპტის ვირტუალური რეალობა ძალინ ჰგავს სააკაშვილის თვალით დანახულ საქართველოს. იქაური მედია 24 საათის განმავლობაში ადიდებდა პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქს, რომელმაც ეგვიპტე თურმე ახალ სიმაღლეზე აიყვანა. გაგიკვირდებათ და მუბარაქი ყოველთვის ამაყობდა ეგვიპტის ტურისტული პოტენციალით! ამ ქვეყანაში უამრავი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, უამრავი კეთილმოწყობილი კურორტი და შესაბამისი ინფრასტრუქტურაა. ეგვიპტეში ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ჩადის. საერთო ჯამში, ტურისტები ქვეყნის ბიუჯეტს 11 მილიარდი დოლარით ავსებენ. მუბარაქი ყოველთვის ამბობდა, რომ თითოეულ ეგვიპტელს ინგლისური უნდა სცოდნოდა. შემდეგ ამ ენას რუსულიც დაემატა, რადგან ქვეყანას უამრავი რუსულენოვანი ტურისტიც მიაწყდა.
მუბარაქი გზებსაც აგებდა, აშენებდა ლამაზ სახელისუფლო შენობებს და თავი მოჰქონდა იმით, რომ ეგვიპტე აფრიკაში ყველაზე განვითარებული ქვეყანა იყო.
სამაგიეროდ, მას არ ჰქონდა არანაირი სოციალური პოლიტიკა და პოლიციაზე უფრო მეტს ხარჯავდა, ვიდრე ჯანდაცვის პროგრამებზე. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს ჰოსნის ეს "აწყობილი" ქვეყანა თავზე დაემხო. ნახევარი ეგვიპტე ქუჩაში გამოვიდა და ქვების სროლა დაიწყო. რთულია იმის თქმა, დათმობს თუ არა ჰოსნი მუბარაქი მმართველობას, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, ტუნისში ეს უკვე მოხდა. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე კი საფუძველს მოკლებული არ არის იმის თქმა, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის სინგაპურამდე ძალიან შორია, სამაგიეროდ, აღმოსავლეთის ქვეყნებამდე რამდენიმე ნაბიჯი დარჩა.